ტოპ 14-ის მე-5 ტური ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა, ერთი-ორი ღირსშესანიშნავი ამბავი მაინც დაფიქსირდა.

ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ბორდო“ დარჩა, რომელმაც „ბაიონს“ შინ მოულოდნელად დიდი გაჭირვებით, 30:27 მოუგო. ბორდოელთა ყოფილი თანალიდერი და მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ კი კასტრში მხოლოდ სანუგეშო ბონუსს გამორჩა – 23:28.

„ბორდოს“ კი პირველობის სხვა გამზიარებელი გამოუჩნდა. „ლა როშელმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონი“ დიდი ანგარიშით – 43:22 დაამარცხა  , ბონუსიც მიიღო და 18 ქულით „ბორდოს“ დაეწია.

„ლა როშელის“ სასტარტო შემადგენლობაში კი მოულოდნელად ერთბაშად ორი ქართველი აღმოჩნდა და თუკი ახალგაზრდა ბურჯ სანდრო ქუნთელიას ზურგს ტოპ 14-ის თითქმის სამი ათეული მატჩი უმაგრებს, 21 წლის კვაჭ ნიკა სუთიძეს პროფესიონალთა შორის დებიუტი ჰქონდა. ნიკა U18-ისა და U20-ის ყოფილი წევრია და ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ნიჭიერმა მორაგბემ გაანვითარება განაგრძო და ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ოფიციალური მატჩი ითამაშა.

„ლიონში“ კი სამმა ქართველმა ახალგაზრდამ ითამაშა. ირაკლი აფციაური შეცვლაზე 32-ე წუთზე შევიდა და 67-ეზე მარქაფაში დაბრუნდა. ბექა შვანგირაძემაც 67-ემდე ითამაშა, თუმცა ახალგაზრდა 8 ნომერი სასტარტოში იყო და თამაშის მერე ლიონელთა რიგებში საუკეთესოდაც დასახელდა. დავით ნინიაშვილმა კი ფულბექად შეუცვლელად ითამაშა.

გელა აფრასიძეს კი საიუბილეო მატჩი ჰქონდა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ევროპის უძლიერეს ლიგაში 50-ე შეხვედღა ჩაატარა. სერიოზული მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბორჯღალოსანი მხოლოდ 26 წლისაა.გელას „პერპინიანმა“ „პოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით – 11:10 დაამარცხა, გელა კი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. ამიერიდან მის ანგარიშზე ტოპ 14-ის 50 მატჩში 5 ლელო, 6 ჯარიმა, 1 გარდასახვა და ჯამური 45 ქულაა.

„კლერმონმა“ ნაოპერაციები ბექა გიგაშვილის გარეშე დარჩენილ „ტულონს“ 19:18 სძლია, „ვულკანების“ სასტარტოში გიორგი ახალაძე იყო, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს, პირველი ტაიმის ბოლო წამებზე კი გიორგიმ ტოპ 14-ში თავისი პირველი ყვითელი ბარათი მიიღო. „კლერმონმა“ კი 14 ქულას მოუყარა თავი და ცხრილის მე-6, საპლეიოფო ადგილზეც ავიდა.

„მონპელიემ“ კი კვლავ წააგო – დედაქალაქში „სტად ფრანსესთან“ 20:29 დამარცხდა და ცხრილის ბოლოსწინა, მე-15 საფეხურზე დაეშვა.