ტომ კლევერლის კვადვო ბაა საუკეთესო ფორმაში სჭირდებაო, წერს ინგლისური პრესა. მესამეადგილოსან „სანდერლენდთან“ შეხვედრაში გერმანელი მოედანზე 74-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად შევიდა და ის პენალტი მოიპოვა, რომელიც ტომ დელე-ბაშირუმ გოლად აქცია ― „უორფორდმა“ 2:1 მოიგო. „კრაზანები” 13 ქულით მე-7 ადგილზე არიან.

ანგარიში 28-ე წუთზე ფესტი ებოსელემ გახსნა, „სანდერლენდის“ უილსონ აოსიდორმა კი 49-ზე გაქვითა.

ზემოთ ბაა ვახსენეთ. მიმდინარე სეზონში ის ყველა შეხვედრაში სათადარიგო იყო. კლევერლი ელოდება როდის მოძლიერდება 21 წლის ფორვარდი ფიზიკურად და როდის მიეცემა მისი მოედანზე უფრო დიდი ხნით შეშვების საშუალება. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „უოტფორდის“ მწვრთნელმა თქვა:

„მიმდინარე სეზონში ბაა შესანიშნავად თამაშობს. ცხადია ჩნდება კითხვა, რატომ არ ატარებს ის მოედანზე უფრო დიდ დროს. გიპასუხებთ: გერმანელი ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს, რათა სპრინტი ერთხელ და ორჯერ კი არა, მეტჯერ შეძლოს. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ მან თამაშები მოგვაგებინა.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი ცოტა არ იყოს ზეწოლასთან გამკლავება გაგვიჭირდა, თუმცა ჩვენს კართან ბევრი მომენტი მაინც არ შექმნილა. ფეხბურთში ძნელია შეხვედრის შენს სასიკეთოდ მოტრიალება მას მერე, რაც ჯერ იგებ, მერე კი მოწინააღმდეგე გითანაბრებს და იმპულსს გრძნობს“.

ჩაკვეტაძემ ტრადიციულად კარგად ითამაშა. ამ შეხვედრის მიხედვით ჰედლაინებში მოსახვედრი ვერაფერი გააკეთა, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რომ არის, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ფლეშსკორის შეფასებით მან 7.5 ქულა მიიღო. ასევე შეაფასეს მისი კიდევ ერთი თანაგუნდელი, ორმა კი უფრო მაღალი ქულა მიიღო.