„კალიარის” მცველ გაბრიელე ძაპას ოცი წამი დასჭირდა ხვიჩა კვარაცხელიასთვის კოჭში რომ ჩაერტყა. „ნაპოლის” თავკაცმა ანტონიო კონტემ ამ ეპიზოდს შემაშფოთებელი უწოდა და მსაჯებს უხეში ფეხბურთელების წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა.
ოცდათექვსმეტი წლის წინ მარკო ტარდელიმ ჯანი რივერას თამაშის დაწყებიდან სამ წამში ჩასცხო. ეს იყო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უხეშობა. 1978-79 წლების სეზონში „იუვენტუსი” „მილანს” მასპინძლობდა. თამაში მილანელებმა დაიწყეს. ტარდელი ჯერ კიდევ ბურთის გათამაშებამდე შევარდა მოედნის ცენტრალურ რგოლში და „რივერას” ეძგერა. მთელი იტალია კარგახანს ამბობდა, რომ ტარდელი ასე განზრახ მოიქცა. მაშინ მსაჯმა დ’ელმამ რივერას წინააღმდეგ უხეშობა ყვითელი ბარათით დასაჯა. ახლა მსაჯმა ლა პენიამ კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობაზე თვალი დახუჭა.
როგორც საიტი ilnapolista წერს, 36 წლის წინ ტარდელის საქციელზე ბევრი ილაპარაკეს, ძაპას ქმედების გარჩევით კი თავი არავის შეუწუხებია.
მაშინ ტარდელიმ თავი ასე იმართლა: „მე რივერასთვის ფეხის მოტეხვა გუნებაში არ მქონია, რადგან მოედანზე ფეხების სამტვრევად არ გავდივარ. რივერას ვარაუდი, რომ გაზრახ დავეჯახე მარტივად რომ ვთქვათ აბსურდია. მე რომ მისი დაშავება მდომებოდა, მიზანში ბურთს კი არა, ფეხს ამოვიღებდი. რივერა დიდი პროფესიონალია, მაგრამ ენაც გავარჯიშებული აქვს. „მილანი” თავადაც ბინძურ ფეხბურთს თამაშობდა. მე მაგალითად შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ მომაფურთხეს, მაგრამ რივერასგან განსხვავებით, ფეხბურთელებს არ ვასახელებ. მართალია ალბერტო ბიგონს მაისური გავუხიე, მაგრამ მან სახეში დამარტყა. ვფიქრობ, მსაჯმა იმიტომ კი არ გამაფრთხილა, რომ დარღვევა იყო სერიოზული, არამედ არ უნდოდა თამაშის სადავეები გაქცეოდა ხელიდან”.
რივერა კი მოვლენებს სხვანაირად ხედავდა. მან თქვა: „სან სიროზე” ფეხბურთის წესების ფარგლებში „იუვენტუსს” პატივი ვეცით. აქ კი ტურინელებმა ისეთი ფეხბურთი დაგვიპირისპირეს, სპორტულ სულთან კავშირი რომ არ აქვს. ჩვენც ასევე რომ გვეპასუხა, ვინმე მოკვდებოდა. სიმართლე თუ გინდათ ის არის, რომ ბოლო დროს ყველა ვინც სერიოზული ფეხბურთის თამაშს ცდილობს, აბსურდულ წინააღმდეგობას აწყდება. დიახ, წავაგეთ, მაგრამ ნერვები „იუვენტუსზე” მყარი აღმოგვაჩნდა. მორალურად ჩვენ გავიმარჯვეთ. ასეთ შეხვედრაში 0:1 ჩვენს ღირსებაზე მეტყველებს. დამტკიცდა, რომ გამარჯვებისთვის „იუვენტუსს” უღირსი სისტემების გამოყენება სჭირდება”.