საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ერთა ლიგის ახალ სეზონს ჩეხეთის ნაკრებთან მატჩით იწყებს. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

მანამდე კი საქართველოს ნაკრებისმთავარმა მწვრთნელლმა, ვილი სანიოლმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ საგურამოში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი: ჩეხეთი მობილურ ფეხბურთს თამაშობს და შედეგის მისაღწევად ბევრად უკეთესად უნდა გამოვიდეთ, ვიდრე ევრო 2024-ზე. ფეხბურთელებმა იციან, ჩეხეთი როგორ თამაშობს, მისგან რას ველოდოთ. ეს ჩვენი პლუსია.

ვინც ახლა ნაკრებში გამოვიძახეთ, ოცმა ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე ითამაშა. იციან, რომ მათგან იგივე მონდომებას მოვითხოვ, რაც ბოლო თვეებში გამოავლინეს. ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთელებმა კი დაიჯერეს, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ.

სამი დებიუტანტი გვყავს – ლუკა გადრანი, შოთა ნონიკაშვილი და საბა გოგლიჩიძე.

საბა ჩვენთვის ახალი მოთამაშე არ არის. იტალიაში მის პროგრესს თვალს ვადევნებდით და ახლა გამოვიძახეთ, რომ სანაკრებო გარემოს შეეგუოს. დარწმუნებული ვარ, გოგლიჩიძე გუნდს მალე გამაოდგება.

წარმატების შემდეგ მადა გეხსნება და კიდევ მეტის მიღწევა გსურს. ამ კუთხით მოტივირებულები ვართ, გვინდა, რომ ზაფხულში გაწეული შრომა წარსულში არ დარჩეს“.

გურამ კაშია: „რთულ ჯგუფში მოვხვდით. ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ. ადვილად ვერავისთან მოვიგებთ.

ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან განსაკუთრებით სტანდარტული მდგომარეობებისას გაგვიჭირდა, ფიზიკურად ძლიერები და ჩვენზე მაღლები არიან. ამიტომ ხვალ ბევრი ფიზიკური ორთაბრძოლის მოგება მოგვიწევს და ვფიქრობ, თამაში ბევრ ენერგიას წაიღებს.

მეუბნებიან, ჩეხეთს იოლად მოუგებთო. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, საქართველოს ნაკრები ტოპ-გუნდია, მაგრამ ასე არ არის. ახლაც ისევე უნდა მოვინდომოთ, როგორც ევრო 2024-ზე.

ჩვენი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რისთვისაც ურთულესი გზის გავლა მოგვიწევს.სტადიონი? ჩემთვის უმჯობესი „დინამო არენაზე“ თამაში იყო, მაგრამ მთავარია, ტრიბუნები სავსე იყოს“.