Year old Nigerian defender Victor Osimhen, whom Galatasaray plans to recruit, arrives in Istanbul, Turkiye on Tuesday, September 3, 2024.ვიქტორ ოსიმენი იჯარით „გალათასარაიში” ითამაშებს. ნიგერიელის ხელფასს მთლიანად თურქული კლუბი გადაიხდის. ვაზუსტებთ: ფეხბურთელი ხელზე წელიწადში დაახლოებით 11 მილიონ ევროს იღებდა, მაგრამ კლუბს ის დაქვითვების გათვალისწინებით 22 მილიონი უჯდებოდა. ტრანსფერის იდეა უბრალო დამთხვევამ, მაურო იკარდის ტრავმამ გააჩინა. არგენტინელი ერთი თვე ვერ ითამაშებს და სტამბოლელებმა გამოსავალი მოძებნეს.

ოსიმენი „ნაპოლის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს არ სჭირდებოდა, რადგან მას რომელუ ლუკაკუ ჰყავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ აფრიკის 2023 წლის საუკეთსო ფეხბურთელს იკარდის ტრავმით გაუმართლა.

„ნაპოლიმ” თურქეთში გამგზავრების წინ ოსიმენს ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება მოსთხოვა. სამაგიეროდ, ოსიმენმა კლუბს გამოსასყიდი თანხის 130 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე შემცირება დაუთქვა პირობად.

ფეხბურთელი სტამბულისკენ მალტიდან კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა. თურქეთში სატრანსფერო ბაზარი 13 სექტემბერს იკეტება. აეროპორტში მას ათასობით გულშემატკივარი ელოდა. შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელს სტამბულში ფეხის მოედანზე შედგმამდეც აღმერთებენ. „გალათასარაიში” თამაშობს „ნაპოლის” კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი დრის მერტენსი.