Napoli players checking on Khvicha Kvaratskhelia injured during the Serie A match between Hellas Verona and SSC Napoli at Marcantonio Bentegodi...„ნაპოლი” „ვერონასთან” 0:3 დამარცხდა, რასაც ანტონიო კონტეს გუნდის გულშემატკივართათვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. იტალიური საიტები მიზეზების ძებნაში არიან და წერენ, რომ კლუბმა ახალ მწვრთნელს თავდამსხმელი არ უყიდა — ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში” ირიცხება, მაგრამ არ თამაშობს, რომელუ ლუკაკუს გადმობირებას კი არ დაადგა საშველი. პრეს-კონფერენციაზე კონტემ ოსიმენთან დაკავშირებულ კითხვაზე ჟურნლისტი კლუბის ხელმძღვანელობისკენ გადაამისამართა, დაე მათ გიპასუხონ ნიგერიელი რატომ არ თამაშობსო. ზოგი წერს, რომ დღეს გუნდის მთავარი პრობლემა დაცვა კი არა, თავდასხმაა. ზოგი ძველებურად დაცვას აკრიტიკებს. დაიწუნეს რამდენიმე ფეხბურთელის თავდადებაც.

ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა. მატჩის შემდეგ „სქაი სპორტის” ეთერში ზოგადად გუნდის და კერძოდ მის შესახებ აზრი გამოთქვა იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ლუკა მარკეჯანიმ, რომელიც სხვადასხვა დროს „ბრეშას”, „ტორინოსა” და „ლაციოს” კარს იცავდა.

„ჩვენ გვახსოვს ანტონიო კონტეს დროინდელი იტალიის ნაკრები და თუკი მას დღევანდელ „ნაპოლის” შევადარებთ, ერთ მკაფიო სხვაობას დავინახავთ: „ნაპოლის” ფეხბურთელები ვერ ასრულებენ იმას, რასაც მწვრთნელი სთხოვთ. კონტეს ორი ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი სჭირდება, კვარა კი ცენტრფორვარდთან წყვილში ვერ თამაშობს. მას მეორე თავდამსხმელის ფუნქციის შესრულება უჭირს. ორი გარემარბის ყოლა კონტესთვის იდეალური ვარიანტი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მან სპინაცოლა დაიმატა”, — თქვა მარკეჯანიმ.