„ნაპოლის” სატრანსფერო ბაზარზე რთული პერიოდი უდგას. ამის შესახებ ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ „სქაი სპორტის” გადაცემაში ილაპარაკა:

David Neres of Benfica is challenged by Nuno Santos of Sporting during the Portuguese Cup Semi-Final second Leg match between Benfica and Sporting at...
დავიდ ნერეში

„ვიქტორ ოსიმენი გუნდიდან აუცილებლად წავა. ეს ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როდესაც ნიგერიელმა განახლებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კლუბი, რომელმაც მის მიმართ ყველაზე რეალური ინტერესი გამოიჩინა „პარი სენ ჟერმენია”, თუმცა პარიზელთა მეპატრონე არაბები „ნაპოლის” დიდი ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებენ.

ოსიმენის გაყიდვამდე „აძური” მშვიდად ჯდომას არ აპირებს. უახლოეს 48 საათში ის შეეცდება დაითანხმოს „ჩელსი”, რათა მისგან რომელუ ლუკაკუ 25 მილიონ ევროს პლუს 5 მილიონის ბონუსებად იყიდოს. მოგეხსენებათ, ლონდონელები ბელგიელ თავდამსხმელს 43 მილიონ ევროს აფასებდნენ. თუ „ნაპოლის” ვაჭრობა წარმატებით დასრულდება, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ოსიმენთან დაკავშირებით, ლუკაკუ „მარადონაზე” გადაბარგდება. თუ „ჩელსი” თავისაზე დადგება, მაშინ „პარტენოპეელები” დავიდ ნერეშის ვარიანტზე გადაერთვებიან”.

ნერეში „ბენფიკაში” მოთამაშე 27 წლის ბრაზილიელია. ის ცენტრალური თავდამსხმელი არ არის, მარცხენა ფლანგელია, რომლის ყიდვაც ოსიმენი-ლუკაკუს პრობლემას ვერ გადაჭრის. ნერეში ან ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტი იქნება ან მარცხნივ იმიტომ დადგება, რომ ქართველი შუაში შევიდეს. მისი სახით „ნაპოლი” სავარაუდოდ ახალ ელიფ ელმასს შეიძენს, რაც ანტონიო კონტეს შეტევის ვარიანტებს გაუმრავალფეროვნებს, მაგრამ ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე გუნდს კარგი რომ არაფერი ელის, აშკარაა.