ორი დღეა იტალიურ მედიაში აგენტი მარიო ჯიუფრედი გააქტიურდა. ამის მიზეზი გახლავთ „ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მისი კონფლიქტი კლუბთან. Tele A-ს ეთერში ლაპარაკისას ჯიუფრედი „აძურის” თავკაცს ფრანჩესკო კალცონას გადასწვდა. მოგეხსენებათ, კალცონა „ნაპოლის” გარდა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიც არის და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიყავს.
სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ლეჩეს” წინააღმდეგ, კალცონამ დი ლორენცო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა. აგენტს ჰკითხეს, თუ როგორ ახსნა მწვრთნელმა ეს ცვლილება.
„შეხვედრის მერე ჯოვანის ვკითხე იყვნენ თუ არა ის და კალცონა ცვლილებაზე შეთანხმებულები. მან მიპასუხა, რომ ისინი ცვლილებაზე შეთანხმებულები არ იყვნენ და გაოცებისგან თავადაც ყბა ჩამოუვარდა. მე კი დავძენ, რომ კალცონამ დიდი დრო დაგვაკარგინა. „ნაპოლიმ” აიყვანა საშუალო სკოლის მასწავლებელი და უნივერსიტეტის პროფესორად ისე დანიშნა, რომ მისთვის შესაბამისი განათლება არ მიუცია.
კალცონა უჭკუო კაცი არ არის, ამიტომ დი ლორენცოს შეცვლაში მე სხვა განზრახვას ვხედავ. შექმნილ ვითარებაში, ფეხბურთელის თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე შეცვლა ან უტვინობაა ან ფარული მიზნით განპირობებული საქციელი”, — უპასუხა ჯიუფრედიმ.