ბოდიშს გიხდით, მისტერ

Home კატეგორიის გარეშე ბოდიშს გიხდით, მისტერ
ბოდიშს გიხდით, მისტერ

მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” სამი მწვრთნელიდან პირველი, ფრანგი რუდი გარსია საქველმოქმედო მატჩში გამოჩნდა. საფრანგეთში არის კლუბი Varietes Club de France, რომელიც ვეტერან ფეხბურთელებს და ჟურნალისტებს აერთიანებს. ეს კლუბი 1971 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ორმოცამდე საქველმოქმედო, საიუბილეო და სხვა დანიშნულების მატჩს მართავს მთელს მსოფლიოში. მორიგ შეხვედრას, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო და გარსიამ სწორედ მასში მიიღო მონაწილეობა. მატჩის შემდეგ, „ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა სოციალურ მედიაში ფოტოები გამოაქვეყნა, ნეაპოლელმა გულშემატკივარმა კი მათ ქვეშ ბოდიშით სავსე მრავალი კომენტარი დატოვა.

ერთ-ერთ მათგანში, მაგალითად, წერია: „ჩვენ ბოდიშს ვუხდით ამ კაცს. ის არაფერშია დამნაშავე. მისტერ, სამ მწვრთნელს შორის ყველაზე მეტი ბრალდება თქვენ წაგიყენეს. წერდნენ, რომ თქვენ უხელმძღვანელეთ კლუბს სატრანსფერო ბაზარზე ცუდად და თქვენ ვერ მოამზადეთ ფეხბურთელები ფიზიკურად ჯეროვნად. არადა, მთავარი პრობლემა თქვენ არასდროს ყოფილხართ. დამნაშავე ის არის, ვინც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა. ის, ვინც ხალხში თითქოს გამართლებდათ, შემდეგ კი კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში კარვებს დგამდა, რომ ეკონტროლებინეთ. ასეთ პირობებში გვარდიოლაც კი ვერ იმუშავებდა”.

„როდესაც ვამბობდი, რომ რაც ხდება თქვენი ბრალი არ არის და თქვენ გუნდში უნდა დარჩენილიყავით, ლამის გიჟად მაცხადებდნენ. უფრო სწორად, ყველაფერი თქვენი ბრალი არ იყო…” — წერდა მეორე გულშემატკივარი.

„თქვენი ხელმძღვანელობით მართალია შარშანდელივით ვერ ვთამაშობდით, მაგრამ მეოთხე ადგილზე მაინც ვიყავით. თქვენი გაშვება არ შეიძლებოდა”, — ამბობდა მესამე.

„მისტერ, თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე. ბოდიშს გიხდით”, — ასეთი გახლდათ კიდევ ერთი ქომაგის კომენტარი.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.