ფრანჩესკო კალცონას სლოვაკეთის ნაკრებმა შინ, ბრატისლავაში, ავსტრიასთან ამხანაგური შეხვედრა წააგო – 0:2. ანგარიში პირველივე წუთზე „ლაიფციგის” კრისტოფ ბაუმგარტნერმა გახსნა, 82-ე წუთზე კი „ვესტ ბრომვიჩის” ანდრეას ვაიმანმა შეაგდო მეორე გოლი. ეს გახლდათ კალცონას მეოთხე მარცხი სლოვაკეთის ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში.
„ნაპოლის” მწვრთნელმა სლოვაკეთის ნაკრები 2022 წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდი ევრო 2024-ზე ყოველგვარი ფლეი-ოფის გარეშე, პირდაპირ შესარჩევი შეჯიბრებიდან გაიყვანა. შემდეგ ის შეთავსებით ნეაპოლელთა თავკაციც გახდა ანუ მისი და ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას გზები კლუბშიც გადაიკვეთა. ლობოტკამ ავსტრიასთან შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა.
მატჩი თანაბარი გამოვიდა. მაგალითად, კარში დარტყმები იყო — 13:9, ხოლო ბურთის ფლობა — 46:54, მაგრამ შედეგი ხომ გოლზეა დამოკიდებული, მასპინძლებმა კი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
ამასობაში, იტალიური პრესის ინფორმაციით, კალცონა მუდმივად საქმის კურსშია, თუ რა ხდება ნეაპოლში, კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე. „გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მას ყოველ დღე დღე უგზავნიან „ნაპოლის” ფეხბურთელთა ჩანაწერებს და ვინაიდან სამშაბათს სლოვაკეთის ეროვნული გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრას ნორვეგიასთან თამაშობს, იტალიაში ოთხშაბათს მხოლოდ ლობოტკასთან კი არა, ლეო ოსტიგორთან ერთადაც დაბრუნდება.