საბერძნეთის ეროვნული გუნდი თბილისში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ამ შეხვედრას ბერძნული პრესა ათწლეულის მატჩს უწოდებს. მისი გამარჯვებული ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. საქართველომდე კი ბერძნებს ჰქონდათ ნახევარფინალი ყაზახეთთან, რომელიც შთამბეჭდავად მოიგეს – 5:0. ეს შეხვედრა საბერძნეთის გუნდმა მეტად ეფექტურად ჩაატარა, თუმცა საიტი sport24 მაინც გამოარჩევს ერთ ფეხბურთელს — „ოლიმპიაკოსის” 30 წლის მარჯვენა ნახევარმცველ-გარემარბ გიორგიოს მასურასს. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ მასურასი „ოლიმპიაკოსამდე” „პანიონიოსსა” და „ილისიაკოსში” თამაშობდა.
sport24 წერს, რომ იმ საღამოს მასურასი ცეცხლის შემნთები იყო. გამარჯვების საქმეში მის მიერ შეტანილი წვლილის უკეთ წარმოდგენისთვის გეტყვით, რომ flashscore-მა მას 8,0 ქულა დაუწერა. ამაზე მაღალი შეფასება მხოლოდ „პანათინაიკოსის” ნახევარმცველმა ანუ მარჯვენა ფრთაზე მის უკან მოთამაშე 30 წლის ანასტასიოს ბაკასეტასმა დაიმსახურა — 8,2.
მასურასმა მე-15 წუთზე თავისი ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი, რომელსაც თურქული „ბასაკშეჰირის” გადაღმაფლანგელმა, ასევე 30 წლის დიმიტრიოს პელკასმა ნახტომში თავი შეაგება და ყაზახების კარში მეორე გოლი შეაგდო.
37-ე წუთზე მასურასი „აეკის” 32 წლის მარცხენა ნახევარმცველის პეტროს მანდალოსის შესანიშნავი გრძელი პასის შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა, „პანათინაიკოსის” 24 წლის ცენტრფორვარდ ფოტის იოანიდისს მომენტი შეურჩია და ბერძენთა მესამე გოლი გაატანინა.
ყაზახეთთან შეხვედრაში მასურასის გავლენა მარტო ორ საგოლე პასში არ გამოიხატება. მისი მოედანზე ყოფნა ზოგადადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარჯვენაფლანგელმა ბურთით 59 მოქმედება შეასრულა. მისი 36 პასიდან 30 ადრესატამდე მივიდა. გარდა მისა, მასურასმა შეასრულა ეგრეთწოდებული ექვსი საკვანძო პასი. ამდენი სხვას არ შეუსრულებია. ექვსიდან ორი, როგორც გითხარით, გოლით დასრულდა.
რაც შეეხება ორთაბრძოლებს, მასურასმა 13-დან 10 მოიგო, ასე რომ საქართველოს ნაკრების მარცხენაფლანგელს (ლუქსემბურგთან ლევან შენგელია იყო), დიდი ჯაფა და ბრძოლა ელის.
sport24 წერს, რომ ყაზახეთთან თამაშამდე ერთი კვირით ადრე, მასურასს კიდევ ერთი ჩინებული საღამო ჰქონდა: „ოლიმპიაკოსმა” თელავივის „მაკაბი”, რომელთანაც პირველი თამაში 1:4 ჰქონდა წაგებული 6:1 გაანადგურა და კონფერენციის ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „ფენერბაჰჩეს” ხვდება. „მაკაბისთან” შეხვედრაში მასურასს თავიდან არ უთამაშია, მეტიც მოედანზე დამატებით დროში, 96-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი უკვე 5:1-ს იგებდა და თამაშს ხელი დაატყო: იუსეფ ალ არაბის პირეოსელთა მეექვსე გოლი გაატანინა.
მასურასმა ნაკრებში პირველად 2018 წლის 18 ნოემბერს ესტონეთთან ითამაშა. თბილისური შეხვედრა მისთვის ეროვნულ გუნდში 41-ე იქნება, თუმცა ის ბერძენ ფეხბურთელთა იმ თაობის წევრია, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია. ამიტომაც არ განიცდის მოტივაციის ნაკლებობას.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
