არგენტინელი ფეხბურთელისთვის, რომელიც მარადონაზე ფილმების ცქერით გაიზარდა, „ნაპოლიზე” უკეთესი კლუბი არ არსებობს. ჯოვანი სიმეონესთვის, რომელმაც გასულ სეზონში ლურჯი მაისურით რამდენიმე გოლი გაიტანა და სკუდეტო მოიგო, რაც „პარტენოპეელებს” მარადონას მერე არ გაუკეთებიათ, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, მაგრამ აი დადგა ახლანდელი სეზონი და აღმოჩნდა, რომ „ჩოლიტო” სათადარიგო ფეხბურთელია, რომელიც მეტწილად სკამზე ზის და გოლები ვეღარ გააქვს: ყველა შეჯიბრებაში ერთად 3 შეაგდო და სულ ეს არის.
კიდევ არის ემოციური მხარე — ჯოვანის ნეაპოლი შეუყვარდა, მაგრამ იქაური გულშემატკივრის გულის გახარების შესაძლებლობა აღარ ეძლევა. შესაბამისად, მისმა გარემოცვამ ახალი კლუბის ძებნა დაიწყო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს მისი გადაბირება „ბეტისმა” და „ვესტ ჰემმა” სცადეს, თუმცა რიგ მიზეზთა გამო გარიგება არ შედგა.
რა მოხდება ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე? დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს იტყვის, მაგრამ დიდი შანსია „ჩოლიტომ” „ნაპოლი” დატოვოს. ამბობენ, რომ ის „ლაციოში” გადავა — ფეხბურთელის აგენტმა „ბიანკოჩელესტის” მენეჯერებთან უკვე წამოიწყო მოლაპარაკება. რომაული კლუბი ჩირო იმობილეს შემდგომი ეპოქისთვის ემზადება და ვეტერანის შემცვლელს ეძებს.
მოგეხსენებათ, „ლაციომ” მწვრთნელის თანამდებობიდან მაურიციო სარი გაუშვა და რამდენიმე დღეა მის ადგილზე ხორვატი იგორ ტუდორი მიიყვანა. ტუდორი კი სიმეონეს იცნობს. არგენტინელი მისი ხელმძღვანელობით ორი წლის წინ „ვერონაში” თამაშობდა, სადაც 35 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.
და როგორი რეაქცია ექნება სიმეონეს გაყიდვაზე „ნაპოლის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს? იტალიურ პრესაში წერია, რომ დე ლაურენტისი „ჩოლიტოსთან” ახლოს არის და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ფეხბურთელი სთხოვს. რამდენად დასაჯერებელია, რომ მერკანტილური ბიზნესმენი სენტიმენტებს გამოამჟღავნებს, ვერ გეტყვით. რიცხვებში კი ეს ასე გამოიხატება: 2022 წლის ზაფხულში „ნაპოლიმ” ჯოვანი სიმეონეს სანაცვლოდ „ვერონას” 15 მილიონი ევრო გადაუხადა და სავარაუდოდ, ფორვარდის ფასი ახლაც დაახლოებით ამ ფარგლებში ტრიალებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
