NBA-ში გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები ჩაატარეს. მამუკელაშვილის შეხვედრაში კი სულაც რეკორდი დაფიქსირდა… თუმცა, მეტოქის მხრიდან.
სანდროს „სან ანტონიოსთან“ მატჩში ჯოელმა 37 წუთში 70 ქულა დააგროვა და „ფილადელფიას“ ყველა დროის რეკორდი დაამყარა – გაგიკვირდებათ და, თვით უილტ ჩემბერლენის (68 ქულა) რეკორდი დაამხო.
პირველივე მეოთხედის შემდეგ ემბიიდს 24 ქულა ჰქონდა; შესვენებაზე – 34 ქულა; სამი მეოთხედის შემდეგ მხოლოდ კარიერის საუკეთესო შედეგს იმეორებდა – 59 ქულა; ემბიიდი მოედანზე ბოლო პერიოდში, საფინალო სირენამდე 6.38 წუთით ადრე დაბრუნდა და თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა, ხოლო მალევე სარეკორდო ჩააგდო.
ემბიიდი მეცხრე კალათბურთელია, ვინც NBA-ს ისტორიაში ერთ მატჩში მინიმუმ 70 ქულა ჩააგდო. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ეს მიმიმუმ ორჯერ გააკეთა, სწორედ ჩემბერლენია (6-ჯერ).
აღსანიშნავია, რომ ჩემბერლენი იმ პერიოდში, როდესაც 70 ქულას და მეტს აგდებდა, „სან ფრანცისკოს“ ფორმით თამაშობდა. სანდრო მამუკელაშვილმა ამ პროცესს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა, მისი გუნდი კი, 123:133 დამარცხდა.
წააგო ბითაძის „ორლანდომაც“. ჩვენებურის გუნდი საკუთარ არენაზე „კლივლენდთან“ 99:126 დამარცხდა. თუ მწვრთნელმა ბითაძე წინა მატჩში დაასვენა, ამჯერად 8.37 წუთი დაუთმო, რა დროშიც ჩვენებურის მონაგარი მხოლოდ 2 ქულა, თითო მოხსნა და პასი იყო.