„სტადიო ოლიმპიკოზე” „რომასთან” 0:2 წაგების შემდეგ areanapoli-მ „ნაპოლის” ფეხბურთელებს ტრადიციულად შეფასებები დაუწერა. ამ პორტალის აზრით ხვიჩა კვარაცხელიამ 5,5 დაიმსახურა.
„მას ფეხებში ბევრი ურტყეს. მან კრისტენსენსა და კრისტანტეს ყვითელი ბარათები მიაღებინა. მოურინიუ მის პროვოცირებას ცდილობდა, მაგრამ ის არ აჰყვა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, მაგრამ ეს მთავარი დარტყმა იყო, თუმცა, ის შარშანდელი მარსიდან ჩამოსული ფეხბურთელის ერთი ჩვეულიბრივი ძმის შთაბეჭდილებას ტოვებდა”, — წერს areanapoli.
calciomercato-ს შეფასებით ქართველმა გარემარბმა 5 მიიღო. საიტი წერს: „აქა-იქ გაკრთებოდა ხოლმე მისი ჩანასახოვანი იდეები, მაგრამ თამაშზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ბოლოს მატჩიდან სულ გაქრა.
tuttonapoli-მ კვარას 5,5 დაუწერა: „ეს იყო ჩვეულებრივი ფეხბურთელის თამაში, რომელსაც მეტოქეები ისე ეუხეშებოდნენ როგორც ვარსკვლავს. არანაირი გაბრწყინება. არანაირი იდეები.
calcionapoli24-ს შეფასებაა 4,5. ამ პორტალმა დაწერა იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ მეტოქეებს ყვითელი ბარათები „აჰკიდა”, მაგრამ ეს ტაფაზე აშიშხინებულ წამიერ ნაპერწკალს შეადარა.
ilnapolista: „ნადირობა, რომელსაც მასზე აწყობენ, კვარაცხელიას ანერვიულებს. მას ფაქტობრივად სცემენ, რაზეც იღუშება. ეს მისთვის მეტისმეტია. ის მარტოვდება. მან დიდებულება დაკარგა — 5.
მოგეხსენებათ, არსებობს სტატისტიკაზე დაფუძნებული შეფასებებიც. მათი შეხედულებები განსხვავებულია. ასე მაგალითად, „ნაპოლის” მეკარემ ალექს მერეტმა „რომასთან” საუცხოოდ ითამაშა და ყველა პორტალისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა რაკი ორი გოლი გაუშვა, flashscore-მა 6,3 დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 6,6. ამ საიტებმა კვარაცხელიას თამაში 6,7 და 6,4-ზე შეაფასეს.