ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ” შინ „ბრაგას” 2:0 მოუგო. პირველი გოლი პორტუგალიელებმა საკუთარ კარში გაიტანეს, მეორე კი ვიქტორ ოსიმენმა შეაგდო. მატჩის შემდეგ „აძურის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ნიგერიელისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.

„მოგზაურობა არ ღლის. ოსიმენი აფრიკაში მნიშვნელოვანი ჯილდოს მისაღებად იყო წასული (2023 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს). ჩემთვის მთავარია რას აკეთებს ის მოედანზე თამაშის და ვარჯიშის დროს. მისი თავდადება, საქმისადმი დამოკიდებულება არავის არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ. შეხედეთ ვიქტორს, დააკვირდით. მიხარია კვლავ რომ დაიწყო გოლების გატანა, ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო. საერთო მიზანი კი გამარჯვება გახლდათ და რაც გვინდოდა იმას მივაღწიეთ.

რაც შეეხება კვარაცხელიას, არავინ უნდა მისცეს თავს მისი კრიტიკის უფლება, იმის გამო რასაც აკეთებს ის გუნდისთვის ახლა და რაც გააკეთა მან გასულ სეზონში. დღეს ხალხი ჰაილაითების მიხედვით მსჯელობს, მაგრამ თუ კვარაცხელიას მატჩის განმავლობაში დააკვირდებით, ნახავთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ერთადერთი, რაც ხვიჩას თავსუფლებისთვის სჭირდება გოლია, თუმცა ის განსაკუთრებული ბიჭი და ფეხბურთელია. არავინ უნდა მისცეს თავს კვარას კრიტიკის უფლება”.

მაგრამ კრიტიკოსები ხვიჩა კვარაცხელიას არ ელევა. ასე მაგალითად, გავლენიანმა „გაძეტა დელო სპორტმა” მას „ბრაგასთან” შეხვედრის შემდეგ 5,5 ქულა დაუწერა და სათაურში გაიტანა დამაჯერებელი არ იყოო. ასევე შეაფასა ქართველი გარემარბი calciomercato-მ. პრტალი წერს: „თუ ტურინში, „იუვეს” წინააღმდეგ, გადამწყვეტი მომენტის განიავების მიუხედავად ის ბევრ მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას, ამ საღამოს ასეთი რამ არ გაუკეთებია. ის ჩვეულებრივზე ხშირად ცდებოდა და ჯიუტად ცდილობდა დრიბლინგს, რომელიც არ გამოსდიოდა”.

მართალია მაღალი შეფასება არ გაუმეტებია (6), მაგრამ კრიტიკას მოერიდა calcionapoli1926: „კვარაცხელია ცდილობდა ბოლო მკრთალი თამაში გამოესწორებინა. ერთ ეპიზოდში გოლის გატანასთანაც კი იყო ახლოს, მაგრამ მეკარემ აუღო”.

ხვიჩას თამაში 6-ქულით შეაფასა areanapoli-მაც: „ცუდად არ უთამაშია, პირიქით. მხოლოდ ბოლო დარტყმა დააკლდა, რომელიც მის თამაშს ეფექტურს გახდიდა. ყველანი ვამჩნევთ, რომ გადამწყვეტი მოქმედებების დროს ის მშვიდად არ არის. სულ მცირე ორ ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ უიღბლობამ თავისი როლი ითამაშა”.

tuttonapoli-მ კი 6,5 ქულა არ დაიშურა: „პირველი კაცისგან გასხლტომა პრობლემა არასდროს არის. რამდენიმე ეპიზოდში ზედმეტად გამოედევნა გოლს. როდესაც მცველზე მიდის, ძველებურად სანახაობას ქმნის. ერთადერთი, უნდა დამშვიდეს”.