მატკავა – ბარტონი 10:15

Home დავთარი მატკავა – ბარტონი 10:15
მატკავა – ბარტონი 10:15

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.მართალია, შაბათს თბილისში წვიმდა და სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო, ან ნახევრად სავსე (ვის როგორ მოსწონს), მაგრამ ევროპულმა სარაგბო სულისკვეთებამ „მიხეილ მესხზე“ მალევე დაისადგურა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „გლოსტერს“ ინგლისიდან გულშემატკივრები ბლომად ჩამოყვნენ და თავის გუნდს პირველიდან ბოლო წამამდე გულმხურვალედ ქომაგობდნენ.

უნდა ითქვას, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა ინგლისურ-ქართულმა პუბლიკამ კარგი სანახაობა იხილა. რაგბი მაინცდამაინც უმაღლესი დონისა არ ყოფილა – წვიმამ ამაზე იზუნა, მაგრამ ბრძოლა, ემოცია და ვნებაც კი უხვად იყო. შავი ლომი“ პირველად მონაწილეობდა საევროთასო მატჩში და მიუხედავად ცალკეული მორაგბეების დიდი გამოცდილებისა, ეს მაინც უჩვეულო მოვლენა იყო როგორც ფრენჩაიზისთვის, ისე ზოგადად ქართული რაგბისთვის.

მართალია, ამჟამინდელი „გლოსტერი“ ინგლისის პრემიერშიპში არ ბრწყინავს, მაგრამ ეს მაინც მაღალი დონის გუნდია, რომელმაც თბილისში, ჩელენჯ კაპის პირველი ტურის სათამაშოდ საკლუბო აკადემიის აღსაზრდელთა მთელი ჯგუფი ჩამოიყვანა და ათამაშა კიდეც. ამ ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ მათთვის აბსოლუტურად უცნობ „შავ ლომს“ 15:10 კი დაამარცხა, მაგრამ ვერ აჯობა.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.მიუხედავად დებიუტანტთა სიმრავლისა, გლოსტერელებმა თავისი კლასი მაინც დაამტკიცეს, ტაქტიკურად უგამართულესი რაგბი ითამაშეს და ყველა მიღებული შანსი 100%-ით გამოიყენს. ეს მართლაც სამაგალითო თამაში იყო იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უნდა გამოადნო მაქსიმუმი მცირე შესაძლებლობებიდან.

„გლოსტერის“ შერკინებამ 5-ჯერ დააშვებინა შეცდომა ქართველებს, ხუთივეჯერ – მეტ-ნაკლებად დასარტყმელ პოზიციაზე და ასევე ხუთჯერ ინგლისური კლუბის მგეზავმა ჯორჯ ბარტონმა ბურთი კარის ძელებს შორის გააძვრინა. ეს იმას ნიშნავს, რომ 23 წლის ბარტონმა თავისი გუნდის 15-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა და თამაშის ბოლო წამებზე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც გამოცხადდა.

ამ მცირე ტიტულს მას ერთადერთი კაცი ეცილებოდა – ქართველი ვიზავი ლუკა მატკავა. ბარტონზე ერთი წლით უმცროსმა მატკავამ, ინგლისელისგან განსხვავებით, ეროვნულ გუნდში დამკვიდრება მოასწრო. ეს ისე, ზოგადად, თორემ „მესხზე“ მატკავას ბარტონზე ცუდად ნამდვილად არ უთამაშია და თუ ინგლისელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ხუთჯერ დაარტყა კარში, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე მატკავას ამის საშუალება არ მისცემია. მან ერთადერთხელ დაარტყა ჯარიმა – მეორე ტაიმის ბოლოსკენ. მანამდე კი ლუკას მოპოვებული ჯარიმის კიდეზე გადატანა უწევდა ხოლმე. შესაძლოა, ეს ერთგვარი ტაქტიკური შეცდომაც კი იყოს, იმიტომ რომ იმ ერთის გარდა, მინიმუმ 4 კარგი დასარტყმელი მომენტი ქართველებს ნამდვილად ჰქონდათ, მაგრამ გუნდი ლელოზე თამაშობდა და…

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.პირველ ტაიმში „შავმა ლომმა“ ორი ლელო გაიტანა – ჯერ უკვე ნაქები ლუკა მატკავას ჯადო-დრიბლინგი და, შედევრი და სასწაული – როგორც გნებავთ, ისე დაარქვით; მერე კი ქართულმა მოლმა ინგლისური დაცვა გახია და ბურთიც ჩათვლის მოედანზე დაიდო, მაგრამ რეფერიმ თავდაპირველად ჩათვლილი ლელო საბოლოოდ გააუქმა, არადა სავსებით უფლებამოსილი იყო, ასე არ მოქცეულიყო.

ჰო, ის თავისი საოცარი ლელო მატკავამ გარდასახა და ბარტონის არ იყოს, თავისი გუნდის ყველა ქულა მანაც ერთპიროვნულად დააგროვა. მოკლედ, ბარტონი ან იყო საუკეთესო, ან – არა. თუმცა, „გლოსტერმა“ ურთულესი 4 ქულა კი მიიღო, „მოულოდნელი წინააღმდეგობის“ გამწევ „შავ ლომს“ მცირე სხვაობით წაგებისთვის ბონუს-ქულაც დაუთმო, მაგრამ მთავარია, რომ მოიგო.

„შავმა ლომმა“ კი ის შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც ველოდით – უკიდურესად ბრძოლისუნარიანმა გუნდმა ღირსეულად ითამაშა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. არა უშავს, ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა და იმედია, შემდგომში ეს გაკვეთილი გათვალისწინებული იქნება.

შემდეგი მატჩი პარასკევსაა – უელსში „შკარლეტსთან“ იმ სტადიონზე, სადაც ერთხელ უელსისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრაც გამართულა.

ჩელენჯ კაპი. ჯგუფური ეტაპის პირველი ტური

შავი ლომი (საქართველო) – გლოსტერი (ინგლისი) 10:15

„შავი ლომი“: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი),13. გიორგი კვესელაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა ცირეკიძე.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.