ბრუკლინში მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ამ დილით კლივლენდშიც წააგო – 111:121.
ფლორიდელთათვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. „კლივლენდმა“ თავიდანვე მოიპოვა 17 ქულიანი უპირატესობა, რის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა და დამაჯერებლად მოიგო. გოგა ისევ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 24.33 წუთი გაატარა. ამ დროში ჩვენებურმა 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება გაახერხა. გოგამ თამაშიდან 4-ჯერ შეუტია და 3 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში ამერიკელები წერენ, რომ NBA-ში მიმდინარე სეზონის აღმოჩენა „ორლანდო მეჯიქია“.
გოგა ბითაძის გუნდი კონფერენციის ლიდერთა შორის არის და პრეტენზიას ფლეი ოფში გასვლაზე აცხადებს. ამერიკელები იმასაც წერენ, რომ ამაში დიდი როლი გოგა ბითაძემ და მო ვაგნერმა ითამაშეს. ორივემ, გაცილებით მეტი სათამაშო დრო ძირითადი ცენტრის ვენდელ კარტერის ტრავმის შემდეგ მიიღო. როგორც აღმოჩნდა, ამან „მეჯიქს“ სარგებელი მოუტანა.
„ორლანდო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ სიურპრიზად იქცა. 9-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც ისტორიაში სარეკორდოა, ლიგაში შეუმჩნეველი არავის დარჩენია. პროგრესი კი ვენდელ კარტერის ტრავმის პერიოდში განიცადა. ისე გამოვიდა, რომ მის არყოფნაში, „მეჯიქს“ პრობლემები არც დაცვაში და არც – შეტევაში არ შექმნია. ამას კი ორი მთავარი გმირი ჰყავდა – გოგა ბითაძე და მო ვაგნერი. ზაფხულში ბითაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყდა. ეს სწორი ნაბიჯი გამოდგა. გოგას მიმდინარე სეზონში საშუალოდ 6.7 ქულა და 6.0 მოხსნა აქვს და თამაშიდან 54.2%-იანი სიზუსტით ესვრის. თუმცა, ყველაზე მეტად დასაფასებელი ისაა, რასაც ის დაცვაში აკეთებს. ბითაძეს საშუალოდ 1.4 დაფარება აქვს, რითაც NBA-ს TOP 20-ში იმყოფება და „მეჯიქის“ ფარქვეშ ნამდვილი კედელი ააშენა. როდესაც გოგა მოედანზეა, „ორლანდოს“ შეუძლია ჩინებული დაცვითი რეიტინგით (108.4) დაიკვეხნოს. იყო მატჩები, სადაც ბითაძეს 2 ან მეტი დაფარება ჰქონდა. მატჩის მიმდინარეობისას ნათლად სჩანდა, რომ მეტოქეები ფარქვეშ შესვლას ერიდებოდნენ“, – წერს მედია.
გეტყვით, რომ „ორლანდოს“ 14 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდენო მატჩს შინ, „დეტროიტთან“ ითამაშებს.