Alvaro Morata of Spain is challenged by Giorgi Mamardashvili of Georgia during the UEFA EURO 2024 European qualifier match between Spain and Georgia...არ იღელვოთ. გადატვირთულ კალენდარზე ლაპარაკს არ ვაპირებ. არც იმაზე, უნდა დაესვენებინა თუ არა ლუის დე ფუენტეს გავი, რათა მას ტრავმა არ მიეღო. მედიაში გაუთავებლად ამ თემებზე მსჯელობენ. მიზეზი: სანაკრებო კვირაში „რეალის” და „ბარსელონას” ფეხბურთელები დაშავდნენ. „კადისის” ან „ოსასუნას” ფეხბურთელები რომ დაშავებულიყვნენ, ხოლო ვინის და გავის გოლები გაეტანათ, მსჯელობის საგანი სხვა იქნებოდა: რა ძლიერები არიან ეს ბიჭები და ვინ უფრო მეტ მედალს მოიგებს.

ვაღიარებ, კვირას, ტელევიზორის ეკრანთან, ყოველ ჯერზე, როდესაც ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრაში მამარდაშვილი ბურთს იგერიებდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. იმაში, რომ საფეხბურთო მსოფლიო „ვალენსიას” მარგალიტს სულ მეტად და მეტად იცნობს, კარგი არაფერია. პიტერ ლიმს ხომ ძალიან უყვარს ფული. ერთ მომენტში ჩავინიშნე კიდეც: მამარდაშვილმა სამი დარტყმაც რომ მოიგერიოს, იანვარში იმაზე მოგვიწევს მსჯელობა კარში ჯაუმეს ჩადგომა სჯობს თუ რივეროსი.

„ვალენსია” იმ ურჩხულად იქცა, რომლის გულშემატკივრებს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების ვარსკვლავური თამაშის ეშინიათ. ნორმალური იქნებოდა ამით რომ ეამაყათ, მაგრამ ყველა ხვდება: თუ ისინი საერთაშორისო სარბიელზე თავს გამოიჩენენ, ლიმს მულტფილმების პერსონაჟების მსგავსად თვალებში დოლარები დაუტრიალდება.

იმის ნაცვლად, რომ მოუთმენლად ელოდონ გაძლიერებას, ყველას ეშინია რომ გუნდი დასუსტდება. ეს იანვარშივე შეიძლება მოხდეს. უკვე მერამდენედ. ვალენსიაში ფიფას ვირუსი როგორც წესი სინგაპურიდან ვრცელდება.

P.S. მე რომ „ამუნტი” („ვალენსიას” ქომაგი) ვიყო, ცუდის მოლოდინში ვიქნებოდი, რადგან ძალიან კარგად ვიცი, თუ რას უკეთებს პიტერ ლიმი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ტიტულებს იგებენ ან თავს გამოიჩენენ ხოლმე.

მანოლო მონტალტი, plazadeportiva 

(წერილი იბეჭდება მცირე შემოკლებით)