რამდენიმე დღის წინ ლეო მესი მერვედ დააჯილდოვეს „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთით. ეს უნიკალური წარმატებაა, რომელიც არგენტინელის გულშემატკივრებს ხელ-ფეხს უხსნის რათა თავიანთ კერპს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდონ. მერვე ტიტული მესის ძირითადად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონობამ მოუტანა. მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე თვეში, 36 წლის ვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენიდან” „ინტერ მაიამიში” გადაბარგდა და ევროპელი გულშემატკივრის მხედველობის არიდან მიიმალა. ძირითადად მიმოხილვებში ჩანს. ის ამერიკაში კარიერის ბოლო წლების გატარებას აპირებს.
„ბარსელონაში” მიღწეული უდიდესი შედეგების ფონზე მესის პარიზული კარიერა მკრთალი გამოვიდა. „პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ერთად შეჰყარა ოცნების ტრიო — ნეიმარი, კილიან მბაპე და მესი, — მაგრამ გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია, ჩემპიონთა თასი ვერ მოიგო და ლეო, რომელიც საფრანგეთში ცხოვრებას ვერ შეეგუა, დევიდ ბექემთან მაიამიში გადაბარგდა.
სანამ მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა, მესიზე ამბობდნენ, რომ ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელის შარავანდედისთვის მას ეს ერთი ტიტულიღა აკლდა, მაგრამ დღეს, როდესაც ამ მიზანსაც მიაღწია, ბევრმა თქვა, რომ „ოქროს ბურთი” მას კი არა, ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა.
დაისვა კითხვა: არის კი მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? და ეს თემა იმდენად საყოველთაო გახდა, რომ აზრის გამოთქმა რომის პაპ ფრანცისკესაც თხოვეს. პაპი, საერო ცხოვრებაში ხორხე მარიო ბერგოლიო, არგენტინელია და მისმა პასუხმა ბევრს სწორედ ამიტომ მოსჭრა ყური.
„მარადონა თუ მესი? პელე!
მარადონა დიდი მოთამაშე იყო, მაგრამ როგორც ადამიანი დამარცხდა. საბრალო ბიჭი იმ ხალხის წინ დაეცა, რომლებიც აქებდნენ, მაგრამ მის დასახმარებლად ხელი არ გაიწვდინეს.
მესი ყოველთვის კორექტულია, წესიერი, მაგრამ ჩემთვის ამ სამეულიდან ყველაზე მაღლა პელე დგას. ის იყო ადამიანი დიდი გულით. ერთხელ, ბუენოს აირესიდან მგზავრობის დროს მე მას ველაპარაკე და დავინახე, რომ ჩემს გვერდით დიდი ჰუმანისტი იჯდა.
ჩემთვის ყველაზე დიდი ეს სამეულია. თითოეულ მათგანს თავისი გამორჩეული თვისება ჰქონდა. დღეს, ყველას მესი სჯობს. პელეს თავისი ეპოქა ჰქონდა”.