Victor Osimhen could leave Napoli after a fallout.ბოლო რამდენიმე კვირაა „ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი გუნდთან მჭიდრო კონტაქტშია. ამ ხნის განმავლობაში „პარტენოპეელებმა” ორი შეხვედრა მოიგეს, ხოლო მესამეში, „მილანთან” 0:2 ჩამორჩენა გამოასწორეს და ფრედ ითამაშეს. ნეაპოლური საიტები იმედოვნებენ, რომ ეს შედეგები პრეზიდენტის სწორი მუშაობის შედეგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო მატჩის პირველი ტაიმი გუნდმა ძალიან ცუდად ჩაატარა, ბევრი რამ სრულყოფას მოითხოვს.

გაზეთ „ილ მატინოს” ცნობით, დე ლაურენტისი ჯერ კიდევ „ვერონასთან” (3:1) შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ამბობდა, რომ იტალიის ჩემპიონთა ცხოვრებასა და გრაფიკს მთელი რიგი ცვლილებები ელის. მედია-კომპანია „ფილმაუროს” ხელმძღვანელმა თქვა, რომ აუცილებლად დააწესებს ჯარიმებს იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მათი შეცვლის დროს უკმაყოფილებას გამოხატავენ. მოგეხსენებათ, სერია A-ს 10 ტურში ასეთი შემთხვევა უკვე სამჯერ მოხდა. ცვლილებით უკმაყოფილება გამოხატეს ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიქტორ ოსიმენმა და მატეო პოლიტანომ, რომელთაც შემდეგ მწვრთნელს ბოდიში მოუხადეს. პოლიტანომ ამის შესახებ თავადვე ილაპარაკა საჯაროთ.

კამპანიური გაზეთი წერს, რომ პრეზიდენტი ამაზე არ შეჩერდება და ფეხბურთელებს ქცევის ნორმებს მხოლოდ მოედანზე კი არ დაუწესებს, არამედ მოედანს მიღმაც. კერძოდ, ის მოთამაშეებისგან მოითხოვს მშვიდ ცხოვრებას, ვარჯიშების გრაფიკის მკაცრად დაცვას და… საღამოობით ქალაქში გასართობად გასვლასაც გაუკონტროლებს.