აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებმა X მსოფლიო თასის ფინალში ახალზელანდიელები 12:11 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა საჩემპიონო თასი, რომელიც რაგბის გამომგონებლის, უილიამ უებ ელისის სახელობისაა.

ეს იყო უდრამატულესი შეხვედრა. პირთამდე გავსებულმა „სტად დე ფრანსმა“ ნამდვილი სპექტაკლი იხილა – მთელი თავისი დრამატურგიით, 80 ათასი მაყურებლის ემოციით, სოლისტებითა და მეორე პლანის როლების შემსრულებლებით.

ამ სოლისტებს შორის იყო სახელოვანი ინლისელი რეფერი უეინ ბარნსიც, რომელსაც პუბლიკამ დაჯილდოებისას კი უსტვინა, მაგრამ სამართლიანები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ბარნსმა აბსოლუტურად ყველა წესი დაიცვა, სკრუპულოზური სიზუსტით განიხილა თითოეული საკამათო ეპიზოდი და 4 კაცის გაძევება მისი ბრალი სულაც არ ყოფილა. და თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ამ გაძევებებმა თამაში და სანახაობა დააკნინა, ამაში ბრალი არათუ მსაჯებს, არამედ თავად გაძევებულებს მიუძღვით.

განა „ოლ ბლექსის“ კაპიტანმა სემ ქეინმა არ იცოდა, რომ განზრახ უხეშობისთვის მოედანი შესაძლოა თამაშის ბოლომდე დაეტოვებინა? ჰოდა დაატოვებინეს კიდეც – რაგბში წესების ე. წ. ცინიკური დარღვევა სუპერვარსკვლავებსაც არ ეპატიებათ.

ან ჩესლი კოლბიმ არ იცოდა, რომ მეტოქის შეტევის ჩაშლისას გადაცემის ხელის წარტყმით ჩაჭრა სინბინით ისჯება? როგორ არ იცოდა, ჰოდა მოუწია კიდეც დასკვნითი 10 წუთის გაძევებულთა სკამზე გატარება, თანაც თავით მაისურში ჩარგულს, ალბათ შიშობდა, ჩემი გუნდი არ გავთვალოო…

ვარსკვლავი „ქურციკი“ გარემარბისთვის საბედნიეროდ, მისმა თანაგუნდელებმა თამაშის ბოლო ნაწილი მწყობრად ჩაატარეს, სამ ძმა ბარეტთაგან ერთ-ერთმა – ჯორდანმაც ააცილა ძალიან შორეული საჯარიმო დარტყმა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი სარაგბო ერის წოდება.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.როგორც მატჩის შემდეგ მსოფლიოს აწ უკვე ორგზის ჩემპიონმა კაპიტანმა სია კოლისიმ თქვა, დანარჩენ სამყაროს ვერც კი წარმოუდგენია, რას ნიშნავს ეს გამარჯვება მისი ხალხისთვის. როგორც ცნობილია, აპართეიდის შემდგომმა პერიოდმა ამ ქვეყნის აბორიგენ მოსახლეობას დიდი შვება ვერ მოუტანა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კვლავაც რჩება მსოფლიოს ერთერთ ყველაზე კონტრასტულ ქვეყნად, რომელშიც უმდიდრესი ადამიანების მხარდამხარ არსებობს საშინელი სიღატაკე…

მოკლედ, სამხრეთ აფრიკის ყველა ხალხმა გაიხარა, სამხრეთ ნახევარსფეროს აღმოსავლეთ ნაწილში კი იმედგაცრუებამ დაისადგურა – ზელანდიელებმა მეოთხე უილიამ უებ ელისის თასის მეოთხედ  აღმართვის შანსი ხელიდან გაუშვეს…

მსოფლიო რაგბში „ქურციკთა“ ჰეგემონია კიდევ 4 წლით გახანგრძლივდა, 2027 წელს კი მსოფლიოს უკვე 24 საუკეთესო ნაკრები XI მსოფლიო თასის გასათამაშებლად ავსტრალიაში შეიკრიბება.