ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისში, გიბრალტარი 2:0 დაამარცხა.

რამაზ სვანაძის გუნდი თავიდანვე დიდ უპირატესობას დაეუფლა და მე-10 წუთზე ანგარიშიც გახსნა – საბა ხვადაგიანის პასით თავი ოთარ მამაგეიშვილმა გამოიჩინა, ექვს წუთში კი ზურაბ რუხაძის პასით ოფიციალურ შეხვედრაში პირველად გაიტანა ნაკრების დებიუტანტმა ვასილიოს გორდეზიანმა, რომელიც საბერძნეთის პაოკ-ის აღზრდილია.

ვასილიოს გორდეზიანი
ვასილიოს გორდეზიანი

მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურის შეხვედრას, 12 სექტემბერს კიშინიოვში მოლდოვის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 საქართველო-გიბრალტარი 2:0

გოლები: 1:0 ო. მამაგეიშვილი (10. ხვადაგიანის პასით), 2:0 გორდეზიანი (17. რუხაძის პასით)

საქართველო: მაქაცარია – მაისურაძე, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, რუხაძე – ლომინაძე (71. მორჩილაძე) – ოდიშარია (72. ოგბაიძე), სიგუა (46. ცხოვრებაშვილი), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (86. აბუაშვილი) – გორდეზიანი (74. იობაშვილი).

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე

„ეს ახალგაზრდული ნაკრების ახალი თაობის პირველი შეკრება და პირველი ოფიციალური თამაში იყო. ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიწვიეთ, გუნდში თაობათა ცვლის საინტერესო პროცესია დაწყებული.

კარგია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. ახლა მნიშვნელოვანია, მოლდოვაშიც დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. იყო ხარვეზები და ეს ბუნებრივია.

ამ გუნდს აქვს პოტენციალი და შეუძლია, მოუმატოს. დარწმუნებული ვარ, მალე მოთამაშეები დავალებებს იმ დონეზე შეასრულებენ, რომ მათი თამაშით კმაყოფილი დავრჩებით“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ახალგაზრდულის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.