No description available.სასიამოვნო ამბებია საქართველოს სარაგბო თემში – EPCR-მა, ორგანიზაციამ, რომელიც ევროპული რაგბის საკლუბო ტურნირებს ატარებს, „შავი ლომი“ ჩელენჯ კაპზე დაუშვა! საქართველოს რაგბის კავშირისა და ხსენებული ორგანიზაციის ხანგრძლივი მოლაპარაკება ქვეყნისთვის შედეგიანად დასრულდა და პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი დამდეგ სეზონში რანგით მეორე ევროპულ ტურნირში ჩაებმება.

ჩელენჯ კაპის ჯგუფურ ეტაპზე „შავი ლომის“ კონკურენტები იქნებიან შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „გლოსტერი“, უელსური „სკარლეტსი“ და ორი ფრანგული კლუბი – „კასტრი“ და „კლერმონი“.

ტურნირის ჩატარების სისტემა შემდეგია: მონაწილე კლუბები 4-4 მატჩს მართავენ – ორს შინ და ორს – გასვლაზე. მერვედფინალში 3 ჯგუფის 4-4 მოწინავე გადის და ამ თორმეტეულს ჩემპიონთა თასის 4 ჯგუფის მეხუთეადგილოსნები ემატებიან. დანარჩენი – ჩვეული ოლიმპიური სისტემით, ერთმატჩიანი პლეი-ოფით ვითარდება.

No description available.ტურნირი დეკემბერში აიღებს სტარტს, კალენდარი კი მოგვიანებით გამოცხადდება და სწორედ მაშინ გაირკვევა, თუ ვის ვიხილავთ საქართველოში და ვის შეხვდება „შავი ლომი“ გასვლით მატჩებში. ერთი კი ცხადია – თითქმის სრულად ბორჯღალოსნებით დაკომპლექტებულ ქართულ ფრენჩაიზს დიდი თავგადასავალი ელის, რომელიც ქართული რაგბის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ბოლოს იმასღა დავძენთ, რომ „შავი ლომის“ ზოგიერთი სავარაუდო მეტოქის შემადგენლობაში ქართველებიც გამოდიან. კერძოდ, „კასტრის“ ღირსებას ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან ჩილაჩავა იცავს, ხოლო გარდა იმისა, რომ „კლერმონის“ შერკინების მწვთნელი ლეგენდარული დავით ზირაქაშვილი გახლავთ, მომავალ სეზონში ამ გუნდში ერთბაშად 3 ჩვენებური იქნება და სამივე – ახალგაზრდა: ბურჯები გიორგი ძმანაშვილი და გიგი თუთისანი, მათ გარდა კი, დღეს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში მყოფი მეორე-მესამეხაზელი გიორგი გერგედავა.