მადრიდის „ატლეტიკოს” მწვრთნელმა, არგენტინელმა დიეგო სიმეონემ ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებულ სკანდალზე თავისი აზრი გამოთქვა. მოგეხსენებათ, კვირას „მესტალიაზე” „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრის დროს მადრიდელთა ბრაზილიელ გარემარბს ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.

Diego Pablo Simeone head coach of Atletico de Madrid looks on during the LaLiga Santander match between Atletico de Madrid and CA Osasuna at Civitas...ბუნებრივია, მომხდარს საგანგებო გამოხმაურება საკუთრივ ესპანეთში მოჰყვა. „ბარსელონას” მწვრთნელმა ჩავიმ საკითხს ფართოდ შეხედა და საფეხბურთო კულტურის სხვა სიმაღლეზე აყვანა მოითხოვა. მან თქვა, რომ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების შეურაცხყოფა უნდა შეწყდეს. ჩავის დაეთანხმა „რეალის” იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი, თუმცა ბარსელონელი კოლეგისგან განსხვავებით მან კონკრეტული მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. სიმეონემ კი „მუნდო დეპორტივოსთან” საუბრისას თქვა, რომ ახლა ესპანეთში ვითარების შესაცვლელად საუცხოო მომენტია.

„ჩვენ მდგომარეობის შეცვლის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა. უპირველეს ყოვლისა უნდა გავაანალიზოთ, ვინ მონაწილეობს ამ დაუსრულებელ რასისტულ ინციდენტებში. საქმე ცოტა უფრო მეტ დაფიქრებას მოითხოვს. ჩვენ ვლაპარაკობთ 19, 20, 23 წლის ბიჭებზე, რომლებმაც ხშირად არც კი იციან რას აკეთებენ. მე ამით ვისარგებლებდი. ვფიქრობ, ახლა ჩინებული მომენტია იმისათვის, რომ კატეგორიულად ვთქვათ: საკმარისია. ესპანეთში ყველანი კარგად ცხოვრებას დავეჩვიეთ და ვისაც ეს არ აწყობს, ის ფეხბურთის სხვა მხარეს უნდა შეეჯახოს”.

არგენტინელს ჰკითხეს, იყო თუ არა ვალენსიური ინციდენტი ის წერტილი, რომლის შემდეგ უკან დაბრუნება ცხოვრების ძველებურად გაგრძელება შეუძლებელია. მან რადიკალური პასუხისგან თავი შეიკავა; თქვა, რომ საკითხის მოგვარების ყველაზე სწორ გზად განათლება მიაჩნია.

„არ მინდა დავშორდე იმ აზრს, რომელიც ზემოთ ვთქვი. ხალხი მზად არის დაგვეხმაროს. არ შეცდეთ. პრობლემა, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ საფეხბურთო არ არის. ეს სოციალური პრობლემაა და მოქმედებაც ამ სფეროშია საჭირო”, — თქვა მან.

„ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრის დასრულების შემდეგ ვინისიუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ ესპანეთი რასისტული ქვეყანაა. ამ სიტყვებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმეონეს აზრი ასეთია:

„ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის. ჩვენ, ფეხბურთში დაკავებულ ხალხს უფრო ხშირად გვხედავენ, მაგრამ რასიზმი ქუჩებშიც გვხვდება. ჩემთვის, პროფესიიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც სტადიონზე ხდება. რაც შეეხება იმას, რაც ქუჩაში ხდება, ამაზე და ზოგადად ახალგაზრდობაზე დიდი ზრუნვაა საჭირო”.

სიმეონეს გაახსენეს რასისტული შეურაცხყოფები, რომლებსაც ესპანეთში თამაშის პერიოდში დიეგო კოშტა უძლებდა, მაგრამ „ატლეტიკოს” მწვრთნელმა კონკრეტული თემიდან გადახვევა არ ისურვა:

„მე არავის ვამართლებ, მაგრამ მსურს ვალენსიაში მომხდარს დავუბრუნდე. ეს გაცილებით ღრმა და დიდი საკითხია, თანაც არც მეტი არც ნაკლები მადრიდის „რეალს” შეემთხვა. აქ, მასშტაბი გაცილებით ფართოა. ანუ პრობლემა ეხება ყველას: ფეხბურთელებს, მსაჯებს, მწვრთნელებს, თანამსაჯებს… და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ”.