„ნაპოლიმ” სერია A-ს 36-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ინტერზე” შური იძია — 3:1. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, ნაახალწლევს, 4 იანვარს, სწორედ სიმონე ინძაგის გუნდმა დაამარცხა „აძური” და ყველას აჩვენა, რომ შეუჩერებელი „პარტენოპეელების” მჭიდრო მარწუხებში მოქცევა შესაძლებელია. მას მერე „ნაპოლი” რიგ შეხვედრებში დაბრკოლდა.
მაგრამ, 21 მაისს, „მარადონაზე” მოპოვებულმა ლამაზმა გამარჯვებამ, იტალიურ პრესაში ვერ დაასრულა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ „ნაპოლის” მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კლუბიდან მიდის. calciomercato-ს ჟურნალისტი ჯანკარლო პადოვანი წერს, რომ სპალეტის საოცარი მეხსიერება აქვს. მას არაფერი ავიწყდება, მათ შორის ისიც, როდის რა გაიფიქრა და დააპირა კლუბის მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა. მას არ დავიწყებია დე ლაურენტისის ერთი წლის წინანდელი ნათქვამი, როდესაც „ნაპოლიმ” ჩემპიონობა ვერ მოიპოვა — „მილანს” გაატანა.
რა თქვა შარშან ამ დროს ბიზნესმენმა? ის, რომ სპალეტიმ ვერ დაარწმუნა და იქნებ სჯობდეს, მათი გზები გაიყაროს. სხვათა შორის, კლავიატურით მებრძოლნი სოციალურ ქსელებში თვეების განმავლობაში „ნაპოლის” ადმინისტრაციისგან სწორედ ამას ითხოვდნენ.
ამიტომაც თქვა გუშინ სკუდეტოს მფლობელმა მწვრთნელმა: „ეს შემთხვევითი სიტუაცია ან აზრთა სხვაობა არ არის”.
და სპალეტის სიტყვები აღიქვეს, როგორც განცხადება წასვლის შესახებ. იყო ასეთი საეჭვო სიტყვებიც: „…მითუფრო თუკი თქვენ დარწმუნებული არ ბრძანდებით, რომ „ნაპოლის” უნდა მისცეთ ყველაფერი, რასაც იმსახურებს”.
მაგრამ ძველი წყენების გარდა პადოვანის აზრით არის კიდევ ერთი სრულიად პრაქტიკული მიზეზი — პრეზიდენტმა და მწვრთნელმა ძალიან კარგად იციან, რომ ოსიმენი, კიმი და შესაძლოა კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავიდნენ. მიზეზი: პრეზიდენტის პროექტი ეფუძნება ფინანსურ სტაბილურობას, წინ ხტომა კი რისკთან და რყევებთან არის დაკავშირებული.
იტალიელი ჟურნალისტი ამბობს, რომ აქ მთავარი მტყუან-მართლის გარკვევაში არ არის. სპალეტი თუ დე ლაურენტისი? შესაძლოა ორივე თავისებურად მართალია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეტაპი დასრულდა. არავინ უნდა ელოდოს, რომ „ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარზე იმდენ ფულს გაიღებს, რამდენსაც მაგალითად „იუვენტუსი”.
გასაკვირი კი აი, რა გახლავთ: სპალეტი ახალ გუნდს არ ეძებს, დე ლაურენტისი კი თითქოს უბიძგებს, წადი „ნაპოლიზე” ამბიციური კლუბი იპოვეო.
„მოკლედ, ყველაფერი ისეა ჩახლართული, რომ ჩნდება ეჭვი, თითქოს ამ ორმა იმთავითვე იცოდა რით დამთავრდებოდა ყველაფერი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი „ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებდა”, — წერს პადოვანი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
