No description available.ამ რამდენიმე დღის წინ „ვორლდ რაგბის“ ხელმძღვანელობამ საკმაოდ მოულოდნელი და ქართველებისვის მეტად სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო – არბიტრი ნიკა ამაშუკელი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გასამართ მსოფლიო თასზე მთავარი არბიტრის რანგში იმუშავებს!

ეს ამბავი მართლაც სენსაციურია, რადგან ქართული სარაგბო თემი და თავად ნიკა ამგვარ აღიარებას კი მოელოდნენ, მაგრამ არა წლეულს, არამედ მომდევნო მსოფლიო თასისთვის. მაგრამ მსოფლიო რაგბის მესვეურებმა ასე გადაწყვიტეს და ამით არა მხოლოდ ამაშუკელის, არამედ სრულიად ქართული რაგბის უდიდეს პროგრესს გაუსვეს ხაზი.

ნიკა ამაშუკელი ჯერ მხოლოდ 28 წლისაა, მაგრამ ის მსოფლიოს სარაგბო მსაჯთა საუკეთესო თორმეტეულში კი შეიყვანეს. დიად უეინ ბარნსს და სხვა დიდებულ მსაჯებს გაუტოლეს და ამის გაფიქრებაც კი უკვე საამაყოა ნებისმიერი ახაალგაზრდა რეფერისთვის.

არავის გაუკვირდებოდა, ამაშუკელი ასისტენტად რომ დაეგულებინათ, მაგრამ არა – ნიკა მთავარ მსაჯად იმუშავებს, თანაც ერთბაშად 4 მატჩზე. ამ დონეზე მსაჯთა თანასწორუფლებიანობაა და ეს ამბავი წინასწარვეა ცნობილი.

ძალიან საინტერესო მომენტი ისიცაა, რომ 12 რჩეულ რეფერის შორის 4 წარმოადგენს ინგლის (უეინ ბარნსი, მეტიუ კარლი, კარლ დიკსონი, ლუკ პირსი), 2 – ავსტრალიას (ნიკ ბერი,ანგუს გარდნერი),  ასევე 2 – ახალ ზელანდიას (ბენ ოკიფერი, პოლ უილიამსი) და თითო კაცით წარმოდგენილი იქნებიან საქართველო, ირლანდია (ენდრიუ ბრეისი), სამხრეთ აფრიკა (იაკო პეიპერი) და საფრანგეთი (მატიე რეინალი). წარმოუდგენელი პატივია ნიკასთვის ამ დიდებულ კომპანიაში ყოფნა, მით უფრო, რომ მსოფლიო თასს მიღმა დარჩნენ მსაჯები შოტლანდიიდან, უელსიდან, იტალიიდან და არგენტინიდან! მოკლედ, ჩვენს საამაყო ახალგაზრდა კაცს დიდი აღიარება ეწვია და მისი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით ეჭვიც არ გვეპარება, რომ ნიკა ამაშუკელი თავს არ შეირცხვენს და საქართველოს ბორჯღალოსნებთან ერთად საფრანგეთში საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს.

საგულისხმოა, რომ ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასის ისტორიაში იქნება პირველი რეფერი, რომელიც წარმოადგენს არაელიტურ სარაგბო ერს. ტიერ 2-ის (მეორე სარაგბო დონის) წარმომადგენლისთვის ამგვარ წარმატებაზე  ფიქრი ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ ფანტასტიკის სფეროს საგანი იყო, დღეს კი ეს რეალობაა.

როგორც მკითხველი მიხვდებოდა, ნიკა ამაშუკელი 12 რჩეულ მსაჯს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. კიდევ ერთი ხაზგასასმელი რამ: ამაშუკელი იქნება ისტორიაში პირველი ქართველი, რომელიც სათამაშო სახეობის მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარ მსაჯად იმუშავებს!

კონკრეტულად რომელ მატჩებს მოემსახურება ამაშუკელი, გაირკვევა მხოლოდ „რაგბი ჩემპიონშიპისა“ (სამხრეთ ნახევარსფეროს 4 ერის ტურნირი) და ზაფხულის ტესტების დასრულების შემდეგ. ჰოდა, რახან საუბარი ამ თემასაც შეეხო, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დამდეგ ზაფხულს ნიკა ამაშუკელს ოთხი გამოცდა ელის, თანაც ოთხივე ისეთ მაღალ დონეზე, იმის იქით რომ აღარაფერია.

29 ივლისს, 4 ერის ბოლო ტურში იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკა არგენტინას უმასპინძლებს და ამაშუკელი ამ მატჩში ხსენებულ ენდრიუ ბრეისს პირველ ასისტენტობას გაუწევს.

No description available.მომდევნო 3 უიქ-ენდი ტესტ-მატჩებს დაეთმობა და ნიკა ამაშუკელი სამ შეხვედრას უკვე მთავარი მსაჯის ხარისხში მოემსახურება: 5 აგვისტოს ბუენოს აირესში არგენტინასა და სამხრეთ აფრიკას განსჯის, 12-ში ლონდონის „თვიქნემზე“ ინგლისსა და უელსს უმსაჯებს, ხოლო 19 აგვისტოს მთავარ მსაჯად ნანტში საფრანგეთისა და ფიჯის მატჩს მოემსახურება. ამ სამ შეხვედრას „მსოფლიო თასისწინა გახურების“ სტატუსი აქვს და როგორც ვხედავთ, გახურდებიან არა მხოლოდ მორაგბეები, არამედ მსაჯებიც.

აქვე მოგახსენებთ, რომ „სარბიელს“ მსოფლიო თასზე აკრედიტებული წარმომადგენელი ეყოლება – დავით კაკაბაძე.