ზეიმის დროს ნეაპოლში მკვლელობა მოხდა

Home კატეგორიის გარეშე ზეიმის დროს ნეაპოლში მკვლელობა მოხდა
ზეიმის დროს ნეაპოლში მკვლელობა მოხდა

ნეაპოლში, სკუდეტოს ზეიმის დროს 26 წლის კაცი მოკლეს. მას ერქვა ვინჩენცო კოსტანცო, ცხოვრობდა უბან პონტიჩელიში და სავარაუდოდ დ’ამიჩოს კრიმინალურ კლანთან იყო დაახლოებული. პოლიცია და კარაბინიერები საქმის ცხელ კვალზე გამოძებას ცდილობენ. მოკლულის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ჯავრი საავადმყოფოზე იყარეს — მიმღები დალეწეს.

მოვლენათა თანმიმდევრობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. სასწრაფომ თუ პოლიციამ ინციდენტის შესახებ შეტყობინება კარლო მესამის მოედნიდან მიიღო, თუმცა მკვლელობა სავარაუდოდ ნახევარ კილომეტრში, ვოლტურნოს მოედანზე მოხდა. გამოძიებამ ჯერ ისიც არ იცის, ეს განზრახ მკვლელობა იყო, თუ ვიღაცამ „ნაპოლის” ჩემპიონობა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით აღნიშნა, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საავადმყოფოშია კიდევ სამი ადამიანი. სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ისინი იმავე ინციდენტის მონაწილეები არიან, რომლის დროსაც კოსტანცო მოკვდა. ფეხშია დაჭრილი 26 წლის ქალი. ის სავარაუდოდ მოკლულის მეგობარი იყო. დაჭრილები არიან 24 და 20 წლის ახალგაზრდები. მათ მკურნალობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.