ინგლისური „სანის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ 22 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს. მას შემდეგ რაც ქართველმა ფეხბურთელმა მყარად მოიკიდა ფეხი ესპანეთის ჩემპიონატში, გასაკვირი არც არის, რომ მის მიმართ გრანდების მხრიდან ინტერესი გაიზარდა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულნი.
როგორც „სანი“ წერს, ინგლისელებისთვის მამარდაშვილის ტრანსფერი ადვილი გასაკეთებელი არ იქნება, ვინაიდან ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი შარშან სექტემბერში გააფორმა, სადაც მის გამოსასყიდ თანხად 87.5 მილიონი გირვანქაა მითითუებული. თუ „ვალენსია“ ამ პუნქტს აამოქმედებს, მამარდაშვილი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდება და გადაასწრებს „ჩელსის“ ამჟამინდელ მეკარე კეპა არისაბალაგას, რომელიც 2018 წელს ლონდონელებმა 72 მილიონ გირვანქად შეიძინეს.
ამავე დროს, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, რომ ფეხბურთელის აგენტი ლევან სეთურიძე ამჟამად ლონდონში იმყოფება და დაინტერესებული კლუბების წარმომადგენლებს ხვდება. ის 4 აპრილს „ჩელსი“ – „ლივერპულის“ მატჩსაც დაესწრო. რომანო იმასაც ამტკიცებს, რომ მამარდაშვილის შესაძენად დაწყებულ ბრძოლაში ფავორიტი სულ სხვა კლუბია, კერძოდ – „ლესტერი“…
