დღეს, „ნაპოლის” პრეზიდენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ტრავმაა და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მემარჯვენე სახალხო პარტიის „ლეგას” თავყრილობიდან გამოსულ აურელიო დე ლაურენტისს ჟურნალისტებმა უპირველეს ყოვლისა მის შესახებ ჰკითხეს. დე ლაურენტისმა უპასუხა: „ოსიმენი შესაძლოა რამდენიმე კვირით გამოგვაკლდეს. თუმცა, უკეთესის იმედით ვიყოთ”.
„აძურის” პრეზიდენტს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზეც ჰკითხეს. მისი პასუხი აცდენილი იყო იმასთან, რასაც ბოლო დღეებში მსოფლიო პრესა ლაპარაკობს. ცოტა ეშმაკურიც კი გახლდათ: „რა განახლებაზეა ლაპარაკი? მე მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი მაქვს და თქვენ რა, გინდათ, რომ ის გავწყვიტო? ხელფასის მომატება? მოდი, ნუ ჩავეფლობით ფულის ვულგარულ ჭაობში”.
შემდეგი თემა „მილანთან” შეხვედრა გახლდათ.
„მილანელებს ჰყავთ გუნდი, რომელსაც ოსტატურად აკომპლექტებენ მალდინი და სკარონი. მათ აგრეთვე ახალი პატრონები ჰყავთ. „მილანში” ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ალბათ, ვიღაც მათაც აკლიათ ტრავმის გამო. იმედი ვიქონიოთ, რომ ძალები თანაბარი იქნება. ჩვენ გვინდა ფანებს ლამაზი სანახაობა შევთავაზოთ”.
მერე დე ლაურენტისმა უეფას გაკრა კბილი.
„უეფას თავი არ აბია. წარმოიდგინეთ, ჩვენ კიდევ იტალიის თასისთვისაც რომ ვიბრძოდეთ. მიჯრით ოთხი შეხვედრა სასაცილო იქნებოდა. ზუსტად ასევე სისულელეა ერთსა და იმავე გუნდთან (იგულისხმება „მილანი”) ასეთ მოკლე დროში სამჯერ თამაში. მე თუ ჯილდოებს მოვიპოვებ, საუკეთესო ევროპულ გუნდებს გავუტოლებ თავს. ხოლო ისინი, უეფაში, თუ არაფერს შეცვლიან, ყველას ბიუროკრატიის მონებად გვაქცევენ და ნამდვილ საფეხბურთო ინტერესებთან აღარ გვექნება კავშირი”.
ბოლოს დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა. მან თქვა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, ვალდებულია ყველაფერი გულშემატკივრის ინტერესიდან გამომდინარე აკეთოს, რადგან ნამდვილი მთავარი გმირები ფეხბურთელები კი არა, ქომაგები არიან.