ვის გაარტყა გვარდიოლამ ბოთლი?

Home კატეგორიის გარეშე ვის გაარტყა გვარდიოლამ ბოთლი?
ვის გაარტყა გვარდიოლამ ბოთლი?

„მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სეზონის განახლებას შესანიშნავ ფორმაში შეხვდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ლიდს იუნაიტედს” სტუმრად, „ელანდ როუდზე” 3:1 მოუგო. მანკუნიანელთაგან გოლები გაიტანეს ერთი როდრიმ და ორიც ერლინგ ჰოლანდმა. ესპანელმა ანგარიში შესვენებამდე, 45+1 წუთზე გახსნა, ნორვეგიელმა კი მეორე და მესამე 51-ე და 64-ე წუთებზე დაამატა. მასპინძლებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 73-ე წუთზე შეაგდეს. ეს თავური დარტყმით ჰოლანდიელმა მცველმა პასკალ სტრუიკმა შეძლო.

„ლიდსის” გოლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, გვარდიოლა რაღაცამ გააბრაზა. „სიტის” მწვრთნელმა მის წინ დაგდებულ ბოთლს ფეხი გასხცო და… სავარაუდოდ, „ლიდსის” სათადარიგოთა სკამზე ვიღაცას გაარტყა. კატალონიელმა, რასაკვირველია, შეიცხადა და იქვე მოიხადა ბოდიში.

„დღეს ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, — თქვა გვარდიოლამ მატჩის დამთავრების შემდეგ, — მეორე ტაიმი, როდესაც მეტოქე ცოტა გაიხსნა, დიდებული იყო. არავინ იცის, ვინ როგორ ითამაშებს სეზონის ასეთი წყვეტის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის გამო რომ გვქონდა. დღეს ყველაფერი კარგად აგვეწყო”.

შემდეგ „სიტის” თავკაცმა ჰოლანდი შეაქო. ნორვეგიელმა ხომ სულ რაღაც 14 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

„ჰოლანდმა 20 გაიტანა, მაგრამ მეტი შეეძლო. მან ჩვენი გუნდი ძალიან გააძლიერა”, — თქვა გვარდიოლამ.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.