პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, რომელსაც შარშან ზაფხულში დიდი ნიკო ფიროსმანის შედევრის – შავი ლომის სახელი ეწოდა, წლეულს გაზაფხულზე მოპოვებული „რაგბი ევროპის“ სუპერთასი წლეულსვე ჩატარებულ მეორე გათამაშებაში არავის დაუთმო და ეს ჯილდო კიდევ მინიმუმ ერთი წლით თბილისში დადებულ ბინაში დარჩება.
„ავჭალაზე“ კვლავ არ მივიდა მაყურებელი, ყოველ შემთხვევაში, ამ არენას ბევრად მეტი ქომაგიც უნახავს საკუთარ ტრიბუნაზე. ეს ერთობ მოულოდნელი ამბავია თამაშის მნიშვნელობის გათვალისწინებით. მით უფრო, რომ სახლში დარჩენილებმა მართლაც კარგი თამაში გააცდინეს.
თამაში კი თასის მოქმედ მფლობელ „შავ ლომსა“ და ამ ტურნირისთვის ასევე საგანგებოდ შექმნილ „თელ ავივ ჰითს“ შორის გაიმართა. წინასწარვე დავძენთ, რომ ქართულმა ფრენჩაიზმა ისრაელისას 29:17 მოუგო და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ეს ჯილდო, თუმცა არც ეს მტჩი და არც გასული გათამაშები „შავი ლომისთვის“ იოლი არ ყოფილა.
სწორედ თელავივური გუნდი აღმოჩნდა ის კერკეტი კაკალი, რომელმაც ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო შტაბი საგონებელში ჩააგდო: აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფურ ტურნირში ებრაულმა ფრენჩაიზმა ქართველებს ერთი თამაში მოუგო და ერთში დაუზავდა. მართალია, სხვებთან მაქსიმალური შედეგის მიღწევის წყალობით „ლომმა“ მაინც დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი და ფინალშიც იოლად გავიდა.
აი, „ჰითმა“ კი, წინა გათამაშებასთან შედარებით მართლაც დიდი ნაბიჯი გადადგა პროგრესის გზაზე. კევინ მუზიკანტის (ასეთ ეგზოტიკურ გვარს ატარებს ტელავივური გუნდის დამრიგებელი) ფიჯელმა და სამხრეთაფრიკელმა შეგირდებმა თანდათან თავისი მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა გუნდურობის ამაღლებაში ჩააქსოვეს და შედეგად „თელ ავივ ჰითი“ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.
მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის კარნახით წარიმართა და ბიჭებმა 3 უპასუხო ლელო მიითვალეს. უფრო სწორად, სტუმრებმა ერთადერთი ზუსტი საჯარიმოთი უპასუხეს.
22:3 – ასე დასრულდა პირველი ნახევარი და მეორე დაიწყო თუ არა, „შავმა ლომმა“ კიდევ ერთი გაიტანა – 29:3. ამის შემდეგ მაისაშვილმა გეგმიური შეცვლები განახორციელა, რამაც ჩვენი გუნდი რატომღაც რითმიდან ამოაგდო, რითიც შესანიშნავად ისარგებლეს ჩვენმა სამხრეთელმა მეტოქეებმა. მათ ერთი მეორის მიყოლებით ორი ლელო-გარდასახვა გაიტანეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანეს – 29:17. თუმცა, თანდათან ქართველებიც მოვიდნენ გონს და შეხვედრის დასკვნითი ნაწილი შეტევებში გაატარეს. შედეგი ამას არ მოჰყოლია, თუმცა ჯამში გუნდმა მშვენივრად ითამაშა და დამსახურებულ გამარჯვებამდეც მიიყვანა ბრწყინვალედ დაწყებული მატჩი.
პირველი ქართული ლელო „შავი ლომის“ შეტევის ჩაშლას მოყვა, როცა მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა. შემდეგ თავი დემე თაფლაძემ გამოიჩინა, ტაიმის ბოლო წამებზე კი ვეტერანმა ლაშა ხმალაძემ ინდივიდუალურად გაიბრწყინა, შესანიშნავი რეიდი განახორციელა, რის შემდეგაც შეტევა მარჯვენა ფლანგისკენ განვითარდა, სადაც ბურთი იგივე „ქოქოსამდე“ მივიდა, რომელმაც ორი მცველი არ შეიმჩნია და ბურთი ისე დაამიწა.
მეორე ტაიმის დებიუტში კი თავისი ლელო ლუკა მატკავამაც გაიტანა, რომელმაც გარდა ამისა სამიდან ორი ლელო გარდასახა და თამაშის სტარტზე ზუსტი ჯარიმით შეხვედის ანგარიშიც გახსნა, რის შედეგადაც ბორჯღალოსანი მგეზავის მონაგარმა 12 ქულა შეადგინა.
ეს იყო და ეს. „შავმა ლომაა“ კვლავ მოიპოვა სუპერთასი და ახლა „ვორლდ რაგბისა“ და დანარჩენი სტრუქტურების რეაქციის მოლოდინში ვართ. ეგებ მართლა შეასრულონ დანაპირები და მომავალი სეზონის ევროთასებში „შავი ლომის“ ადგილიც როგორმე გამონახონ…