ქართული ღერძი – ვასკა და თედო

Home დავთარი ქართული ღერძი – ვასკა და თედო
ქართული ღერძი – ვასკა და თედო

No description available.გასული კვირის ბოლოს ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგებში მორიგი ტურები გაიმართა. სამი ათეული ქართველი ლეგიონერის მონაგარი როგორც ყოველთვის, არაერთგვაროვანია და ქვეყნის პრესტიჟი ეროვნული ნაკრების ღერძმა დაიცვა. ვასილ ლობჟანიძემ მშვენიერი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის მეორეა ტოპ 14-ის მიმდინარე ჩემპიონატში, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტად ერთი ჯარიმა შეასრულა და პირადი ანგარიში პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 24 ქულამდე გაზარდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავისი გუნდი გამარჯვებამდე ვერც ვასკამ მიიყვანა და ვერც თედომ.

უფრო მეტიც – ლობჟანიძის „ბრივი“ და აბჟანდაძის „მონტობანი“ თავთავიანთ ლიგებში ბოლო ადგილზე დაეშვნენ, რაც სულაც არაა სასიამოვნო მოვლენა.

„ბრივმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და 38:43 დამარცხდა, თუმცა სანუგეშო ბონუსს კი გამორჩა. ლობჟანიძემ პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა, თან 34-ეზე რაქიდან ჩვეულ სტილში აიტაცა ბურთი და ელვასავით შევარდა მეტოქის ლელოში. ვასკამ ყოველივე ძალიან ეფექტურად გააკეთა და პუბლიკისა თუ კომენტატორების კომპლიმენტებიც დაიმსახურა. 68-ე წუთზე კი მას ისევ უხმეს მოედანზე, სადაც ბოლომდეც დატოვეს. ჰოდა, თამაშის ბოლოს სწორედ მისმა მახვილგონივრულმა დარტყმამ გაიყვანა პარტნიორი გარღვევაზე და ბონუსიც ამ შედეგიანმა შეტევამ მოიტანა.

No description available.ვასკა ნოემბრის ტესტებზე ნაკრებშია გამოძახებული და მასთან ერთად კიდევ მრავალმა ლეგიონერმა მიიღო მიწვევა. მაგალითად, 20 წლის გოლიათმა ბურჯმა ალექსანდრე ქუნთელიამ, რომლის დებიუტი ტოპ 14-ში მისი „ლა როშელისთვის“ მთლად ფეხბედნიერი ვერ გამოდგა, რადგან ოკეანისპირელებმა შინ მოულოდნელად წააგეს „პოსთან“, რომლის ქართველები – გურამ პაპიძე და ბექა გორგაძე ასევე ნაკრებში გამოიძახეს.   ბასკებმა ევროპის საკლუბო ჩემპიონს 38:21 მოუგეს, პაპიძე 56-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაპიტანმა გორგაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმის 4-წუთიან პერიოდს, როცა ბექა მოედნიდან სამკურნალოდ გავიდა. რაც შეეხება ქუნთელიას, ნორჩი ბურჯის დებიუტი 58-ე წუთზე დაფიქსირდა.

შემოდგეომის ტესტებში მონაწილეობას მიიღებენ ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილიც, რომელთა „ლიონმა“ კატალონიაში 21:28 წააგო. ორივე ბორჯღალოსანმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, თუმცა ნინიაშვილი პირველ ტაიმში 10 წუთით ტვინის შერყევის პროტოკოლის ძალით გაიყვანეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

„კასტრმა“ „კლერმონს“ დაძაბულ ბრძოლაში 26:22 სძლია. სტუმართა სასტარტოში გამოჩნდა ვეტერანი დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 45-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მანამდე, მე-20 წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. გამარჯვებულთა შორის 51-ეზე მეორე დამსახურებული ვეტერანი ბორჯღალოსანი გამოჩნდა. ჰოდა, ლევან ჩილაჩავამ ბოძებულ ნახევარ საათში ისე მაგრად ითამაშა, რომ „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც კი შეიყვანა.

No description available.ინგლისის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა „გლოსტერმა“ რომლის სასტარტოშიც უკვე ტრადიციულად იყო გიორგი კვესელაძე. მან 66-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა საკუთარ არენაზე „ექსეტერს“ 38:21 აჯობა.

აბჟანდაძის გუნდმა კი „პროვანსთან“ გასვლითი მატჩი წააგო – 11:20. თედო „მონტობანის“ სასტარტოში იყო და 54-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ჯარიმა ზუსტად მე-6 წუთზე შეასრულა. თედოც ნაკრებშია გამოძახებული და ოთარ გიორგაძეც, რომელიც ჯერ 50-ეზე შეცვალეს, მერე 69-ედან 75-ემდე ათამაშეს, თუმცა 1 წუთში კვლავ დააბრუნეს მოედანზე და ბოლომდეც დატოვეს.

„ნევერმა“ გრენობლში 18:19 წააგო და ბონუსს დასჯერდა. სტუმართა რიგებში 80-ვე წუთი ნაკრებში გამოძახებულმა ლადო ჩაჩანიძემ გაატარა.

ასევე სრული მატჩი ჩაატარა ნაკრებში გამოძახებულმა თორნიკე ჯალაღონიამაც, ვისმა „ბიარიცმა“ რუანში ბონუსით – 9:12 წააგო.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.