თუკი ვინმეს შეუძლია „რომასა” და „ნაპოლიზე” ლაპარაკი, ეს 53 წლის ურუგვაელი ვეტერანი დანიელ ფონსეკაა, რომელიც 1992-94 წლებში „აძურიში”, ხოლო 1994-97 წლებში „ჯალოროსიში” თამაშობდა. თავდამსხმელმა, რომელსაც „ელ ტიგრეს” ეძახდნენ ნეაპოლელთა შემადგენლობაში 69 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. ამ 39 გოლს შორისაა ხუთი, რომელიც მან 1992 წლის 16 სექტემბერს, უეფას თასზე „ვალენსიას” შეუგდო.
ფონსეკა ახლა სპორტული აგენტია. ის „რომა”-„ნაპოლის” მოახლოებული თამაშის შესახებ „კორიერე დელო სპორტს” ელაპარაკა:
„არ მკითხოთ ვისკენ ვარ ან როგორ დამთავრდება შეხვედრა. „ნაპოლი” ახლა საუცხოო ფორმაშია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, „რომას” ჯეროვნად სჭირდება შეფასება”.
ურუგვაელმა განსაკუთრებით ლუჩანო სპალეტი აქო: „ვაღიარებ, სპალეტის დიდი დამფასებელი ვარ და მიმაჩნია, რომ დღეს ის იტალიაში საუკეთესო მწვრთნელია. ხომ გინახავთ, როგორ თამაშობს „ნაპოლი”? გამანადგურებელი, ჯადოსნური გუნდია”.
„ელ ტიგრეს” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საგანგებოდ ჰკითხეს. მან უპასუხა: „კვარაცხელიას სრულყოფილად შეფასებისთვის ცოტა მეტად მჭირდება მისი ნახვა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცით ნეიმარს ჰგავს”.
შემდეგ ფონსეკამ მოიგონა ის ვარსკვლავები, რომლებთან ერთად „ნაპოლისა” და „რომაში” თამაშობდა: „ნეაპოლელთაგან დავასახელებდი კარეკას, ჯანფრანკო ძოლას, ჩირო ფერარასა და ფაბიო კანავაროს, ხოლო რომაელთაგან ალდაირს, აბელ ბალბოს და რასაკვირველია ფრანჩესკო ტოტის”.
ბოლოს, ფონსეკამ თქვა, თუ რა საერთო აქვს ამ ორ კლუბს: „როგორც ნეაპოლში, ასევე რომში თუ იგებ, ფენომენი ხარ, მაგრამ ფეხი თუ დაგიცდა… თუმცა, ეს ნორმალურია, ასეც უნდა იყოს. განსხვავება კი ის არის, რომ „ნაპოლის” მთელი ნეაპოლი გულშემატკივრობს, რომში კი თუ ვერ ივარგებ და „რომა” წააგებს, „ლაციოს” ქომაგები შეგაქებენ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
