ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” გლაზგოში „რეინჯერსს” 3:0 მოუგო. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც იტალიურმა გუნდმა შოტლანდიურს სამი პენალტი დაურტყა, რომელთაგან ორი ვერ გაუტანა. შეხვედრას სჯიდა ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოსი, რომელმაც სამივე თერთმეტმეტრიანი სწორად დანიშნა. მეორე პენალტი პირველის გამეორება იყო. როდესაც პიოტრ ჟელინსკიმ პირველად დაარტყა და 40 წლის ალან მაკგრეგორმა მოიგერია, მსაჯმა შეამჩნია, რომ „ნაპოლის” ერთ-ერთი ფეხბურთელიც ადრე შევარდა საჯარიმოში და სავარაუდოდ, მაკგრეგორმაც დაარღვია მეკარეთათვის დადგენილი წესი. ამიტომ, გოლი, რომელიც მოგერიების შემდეგ მატეო პოლიტანომ დასწრებაზე შეაგდო, არ ჩაითვალა. დაინიშნა ხელმეორე დარტყმა. მაკგრეგორმა ჟელინსკის კვლავ აუღო. პენალტი კი ჯოვანი სიმეონემ მოინადირა. ის ამერიკელმა ჯეიმს სენდსმა წააქცია, რომელსაც ორი(!) წუთით ადრე პირველი ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და დიდი პროტესტის მიუხედავად მოედნის დატოვება მოუხდა.
რვა წუთის შემდეგ კი დაინიშნა მესამე თერთმეტმეტრიანი. ხვიჩა კვარაცხელიას შუიდან დარტყმული ხორვატ ბორნა ბარიშიჩს ხელში მოხვდა. ბარიშიჩმაც იდავა, მაგრამ ხელით თამაში აშკარა იყო. პენალტი პოლიტანომ გაიტანა.
ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა უჩვეულოდ დიდხანს, 90 წუთი დატოვა მოედანზე და მხოლოდ მსაჯის წამატებულ დროში შეცვალა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი გარემარბი „რეინჯერსისთვის” მთელი მატჩის განმავლობაში ხიფათს წარმოადგენდა, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. სწორედ ეს უწერია „დეილი მეილსაც”. სხვა საქმეა, რომ კვარაცხელიამ ქართველი და ნეაპოლელი გულშემატკივარი გაანებივრა. ბევრი მისი კარგი თამაშით აღარ კმაყოფილდება, ყოველდღე ვარსკვლავურ წარმოდგენას, შოუს ითხოვს. ასეთი მიდგომა კატეგორიულად არ არის სწორი.
„რეინჯერსთან” შეხვედრაში კვარაცხელიამ ბევრჯერ დაარტყა მეტოქის კარში, რამდენიმე მწვავე პასი გაუჭრა თანაგუნდელებს და რამდენიმე სახიფათო დრიბლინგი წამოიწყო. თუ მატეო ლაოსს საყვედური ეკუთვნის, სწორედ ის, რომ მეორე ტაიმში ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობისთვის კოლუმბიელ ალფრედო მორელოსს მეორე ყვითელი არ ამოუღო და მოედნიდან არ გააძევა.
ნაპოლის მეორე გოლი 85-ე წუთზე ურუგვაელი მატიას ოლივერას პასით ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, მესამე კი კამერუნელი ზამბო ანგისას პასით შეცვლაზე შესულმა ფრანგმა ანდრე ნდომბელემ 90+1 წუთზე შეაგდო.
„აშკარად გამოჩნდა, რომ გუნდი იზრდება. ეს მაშინ იყო ყველაზე მკაფიო, როდესაც ერთბაშად ორი პენალტის გაცუდების შემდეგ ხელი არ ჩამოვუშვით. პენალტების ვერ-გატანის მიუხედავად მოედანზე საუკეთესო ჟელინსკი იყო. მეტოქე ძალისმიერად, პერიოდულად ბინძურად გვეთამაშებოდა, მაგრამ ჩვენ სადავეები ბოლომდე გვეჭირა”, — თქვა მატჩის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.