ოსლოში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა მეშვიდე ნომრით მოთამაშე პორტუგალიელმა თქვა, ოღონდ ეს ის პორტუგალიელი არ იყო თქვენ რომ იფიქრეთ. ეს გახლდათ მადრიდელი ჟოაო ფელიქსი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს გუნდს ამხანაგური თამაშის მეორე ტაიმში გოლი გაუტანა და სეზონისწინა პერიოდის პირველი მარცხი აწვნევინა — 1:0. რაც შეეხება რონალდუს, ის მთელი ზაფხული ცდილობდა სხვაგან გადასვლას, „ოჯახური მიზეზების” გამო გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა, მაგრამ, როგორც მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ამბობს, საბოლოოდ დაბრუნდა და შემდეგ ამხანაგურში „რაიო ვალეკანოსთან” მოედანზეც იქნება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
რონალდუს არყოფნაში კი მთავარი მოქმედი პირები კრისტიან ერიკსენი და ლისანდრო მარტინესი გახდნენ. მანჩესტერელ ახალწვეულთა წყვილი ახალ გუნდში პირველ გამოჩენას ელოდა, რადგან აქამდე ტენ ჰაგს მიაჩნდა, რომ ისინი ფიზიკურად არ იყვნენ მზად.
ინგლისურ გუნდში წესით ჯეიდონ სანჩოს უნდა ეთამაშა, მაგრამ ნორვეგიაში ჩაფრენის შემდეგ მან თავი ცუდად იგრძნო და მწვრთნელმა შვედი ანტონი ელანგათი შეცვალა.
მანკუნიანელებმა სწრაფად დაიწყეს. აქტიურობდნენ მარკუს რეშფორდი და ანტონი მარსიალი, რომლებიც ამ ზაფხულში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. პირველს „ატლეტიკოს” მეკარემ იან ობლაკმა აუღო, მეორემ ხელსაყრელი მომენტი ხარიხას გადააცილა. უნდა ითქვას, რომ „მატრასების მკერავთა” შორის სლოვენიელი მეკარე გამოირჩეოდა.
პირველ ტაიმში ნანახით მადრიდელთა მწვრთნელი დიეგო სიმეონე უკმაყოფილო დარჩა. სავარაუდოდ ამით იყო განპირობებული ცხრა(!) ცვლილება, რომელიც მან მე-60 წუთზე განახორციელა. მოედანზე შევიდნენ ვარსკვლავები ალვარო მორატა, ანტუან გრიზმანი და ზემოთ ნახსენები ჟოაო ფელიქსი.
70-ე წუთზე ტენ ჰაგმა მოედანზე ერიკსენი შეუშვა, რასაც სტადიონზე დიდი ოვაცია მოყვა. ერიკსენი რამდენჯერაც კი შეეხო ბურთს, იმდენჯერ ტაში მოსწყვიტა ტრიბუნებს. მისი დაბალი პასებით ელანგას და რეშფორდს გოლის გატანამდე ცოტა დააკლდათ. „ატლეტიკოს” კარში ბურთის შეგდება შეეძლო 20 წლის ურუგვაელ ფაკუნდო პელისტრისაც, მაგრამ სავარაუდოდ აღელდა და მისკენ გადმოვარდნილი ასხლეტილი ბურთი კარში ვერ შეაგდო.
შემდეგ, ჟოაო ფელიქსმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, ფრედმა კი მორატას დააბიჯა და მეორე ყვითელი ანუ წითელი ბარათი მიიღო.
https://www.youtube.com/watch?v=G3xPIdUPEk4
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
