ლუის სუარესი რასაკვირველია დიდი თავდამსხმელია, მაგრამ რაინდი რომ არ არის, ფაქტია. რაც მას, თამაშის ეშხში შესულსა და გამარჯვების ჟინით შეპყრობილს მოწინააღმდეგეები ჰყავს დაკბენილი…
„ამიერიდან ღმერთის ხელი მე მეკუთვნის“, — სიამაყით თქვა სუარესმა 2010 წელს, როდესაც განელთა დარტყმული ბურთი მეკარესავით მოიგერია. შემდეგ კი თავად განამ ვერ ივარგა, პენალტი ვერ გაიტანა და ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
სუარესი კი ტრაბახს განაგრძობდა: „ტურნირზე საუკეთესო სეივი მე გავაკეთე. ხანდახან, ვარჯიშებზე კარში ვდგები ხოლმე. როგორც ჩანს, სწორად ვიქცევი“.
ამრიგად, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მუნდიალზე განა ვერ გახდა ისტორიაში პირველი ნახევარფინალისტი აფრიკის კონტინენტიდან. არადა, 2010 წლის ჩემპიონატი იყო პირველი, რომელსაც „შავმა კონტინეტმა“ უმასპინძლა და მილოვან რაიევაცის გუნდი გახლდათ ერთადერთი, რომელმაც აფრიკული ნაკრებებიდან ფლეი-ოფის ეტაპზე გააღწია.
მერვედფინალში განელებმა აშშ-ს სძლიეს, მეოთხედფინალში ურუგვაის ხვდებოდნენ. ანგარიში იყო 1:1, შეხვედრის დამატებითი დრო დასასრულს უახლოვდებოდა. აფრიკელთაგან გოლი სალი მუნტარიმ გაიტანა, სამხრეთ ამერიკელთაგან კი დიეგო ფორლანმა გაქვითა. მაშინ ამბობდნენ, რომ ორივე შემთხვევაში თავისი როლი ახალმა ბურთმა „ჯაბულანმა“ ითამაშა, რომელმაც ზიგზაგებით მიიპყრო პროფესიონალთა ყურადღება.
და აი, თამაშის მიწურულს მოხდა ის, რაც თავში აღვწერეთ: რომ არა მაშინ ჯერ კიდევ „აიაქსის“ თავდამსხმელის სუარესის ხელით თამაში, განას უეჭველი გოლი გაჰქონდა და მთელი კონტინეტის გასახარად ნახევარფინალში გადიოდა.
„ეს ინსტინქტურად გავაკეთე. ნებისმიერი ფეხბურთელი ასე მოიქცეოდა. მარტო მე არ გეგონოთ ასეთი“, — ამბობდა ფორვარდი.
ზემოთ ვთქვით, რომ განელთა ნახევარფინალში გასვლას მთელი აფრიკა მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ვითომ მხოლოდ აფრიკა? ვითომ, აფრიკული წარმოშობის ადამიანები სხვა კონტინენტებზე მილიონობით არ ცხოვრობენ? ანდა, ვითომ, სხვა რასის წარმომადგენელთა შორის არ იქნებოდნენ ისეთები, ვინც სიახლეს ქომაგობდა?
პლანეტის გულშემატკივართა აზრი მაშინ ორად გაიყო. სუარესის საქციელმა უამრავი ხალხი გააღიზიანა.
„ვიცი, ზოგმა სპორტული ღირსება დამიწუნა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემს საქციელზე ცუდი ის არის, როდესაც თავდამსხმელს, რომელმაც ის ისაა გოლი უნდა შეაგდოს, უკნიდან ცელავენ“, — განაცხადა მერე სუარესმა, გეგონება ვინმემ თქვა, რომ თავდამსხმელის უკნიდან მოცელვა კარგია.
იყო კიდევ ერთი მომენტი, რომელმაც ხალხი გააბრაზა: თამაში რომ დამთავრდა (პენალტებით ურუგვაიმ გაიმარჯვა), სუარესი საზეიმოდ გასახდელში კი არ შევიდა, მოედანზე, ყველას დასანახად ატეხა ცეკვა-თამაში. ვერაფერს გააწყობ, ურუგვაელი ვარსკვლავი არის ადამიანია, რომელსაც, რომ განვაზოგადოთ, არ ესმის, რატომ არ უნდა უკბინოს მოწინააღმდეგეს, თუკი ძალიან უნდა მოგება.
და აი, პარასკევს, დოჰაში გამართულმა ყატარი 2022-ის წილისყრამ განა და ურუგვაი კვლავ ერთად შეყარა. H ჯგუფში მათ გარდა არიან პორტუგალია და სამხრეთ კორეა.
განა და ურუგვაი ერთმანეთს ბოლო ტურში, 2 დეკემბერს შეხვდებიან.