ინგლისის ნაკრები ერთხელ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, 1966 წელს. მას მერე ინგლისელებს სულ ტიტულის პრეტენზია აქვთ, მაგრამ ვერა და ვერ აღწევენ მიზანს. ახლაც, დოჰაში ჩატარებულმა ყატარი 2022-ის წილისყრამ გაარკვია, რომ შედარებით იოლი ჯგუფური ეტაპის მერე გარეთ საუთგეიტის გუნდს შეიძლება საფრანგეთი, არგენტინა და ბრაზილია შეხვდეს.
ბედმა ინგლისი B ჯგუფში განაწესა. აქ მის გარდა არიან აშშ, ირანი და უელსს, შოტლანდიასა და უკრაინას შორის გამარჯვებული. „სამი ლომი” შეჯიბრებას 21 ნოემბერს ირანელებთან შეხვედრით იწყებს. 25 ნოემბერს საუთგეიტის შეგირდები აშშ-ს შეხვდებიან, შემდეგ კი ზემოთ ჩამოთვლილი სამეულიდან ერთ-ერთს. უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ინგლისური მედია მესამე შეხვედრაში უფრო ბრიტანელ მეტოქეს ელის.
შეგახსენებთ: უელსი უკვე ფლეი-ოფის ფინალშია, უკრაინამ და შოტლანდიამ კი ივნისში უნდა ითამაშონ. მათ შორის გამარჯვებული მეორე ფინალისტი გახდება.
აქამდე ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არც უელსს შეხვედრია, არც შოტლანდიას და არც უკრაინას.
იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი B ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე მისი მეტოქე A ჯგუფის მეორე გუნდი იქნება, ხოლო თუ მეორე ადგილით განაგრძობს შეჯიბრებას, მაშინ A ჯგუფის გამარჯვებულთან მოუწევს შეხვედრა.
A ჯგუფში არიან ყატარი, ნიდერლანდები, სენეგალი და ეკვადორი.
თეორიულად, B ჯგუფში პირველზე სწორედ ინგლისი უნდა გავიდეს, ხოლო A ჯგუფი უნდა მოიგოს ჰოლანდიამ, მეორე კი აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული სენეგალი გახდეს. შესაბამისად, თუ ინგლისი სენეგალს აჯობებს, მეოთხედფინალში წესით მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთს გადაეყრება.
საფრანგეთი D ჯგუფშია. აქ მის გარდა არიან დანია, ტუნისი და პერუ, ავსტრალია ან არაბთა გაერთიანებული საემიროები. ერთი სიტყვით, ქაღალდზე ეს ჯგუფი „ლურჯებმა” უნდა მოიგონ და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდნენ. C ჯგუფში კი არიან არგენტინა, პოლონეთი, საუდის არაბეთი და მექსიკა. ამათგან ვინ იქნება მეორე და ვინ გაუწევს კონკურენციას ფრანგებს, თავად გადაწყვიტეთ.
თუ ინგლისი საფრანგეთის ბარიერს დაძლევს, ნახევარფინალში წილისყრის ზედა ნახევრის წარმომადგენელს დაუპირისპირდება. ეს კი დიდი შანსია იყოს არგენტინა, რომელთანაც ინგლისელებს 1986, 1998 და 2002 წლების მუნდიალებზე ჰქონიათ დაუვიწყარი შეხვედრები: მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისი-არგენტინა კლასიკაა.
ამის შემდეგ კი, ფინალში, თეორიულად, ინგლისს ბრაზილიასთან ელის შეხვედრა. ბრაზილიელები ბოლოს 2002 წელს იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონები.
თუმცა, გარეთ საუთგეიტი ჯერჯერობით ფინალზე ცხადია არ ფიქრობს და წილისყრით აღფრთოვანებულ ინგლისელ გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ B ჯგუფში გამარჯვება სულაც არ იქნება იოლი საქმე. ჩვენი პირველი ამოცანა, ფლეი-ოფში გასვლააო, აცხადებს ინგლისელთა თავკაცი.