კიტოში, „ესტადიო როდრიგო პას დელგადოზე“, ეკვადორისა და ბრაზილიის ნაკრებთა გიჟურ შეხვედრაში სტუმრების მეკარე, ლივერპულელი ალისონი მსაჯმა ორჯერ გააძევა, მაგრამ VAR-ს რომ შეხედა, ორივეჯერ დატოვა. თამაში დამთავრდა 1:1. მე-6 წუთზე კაზემიროს გოლით ბრაზილია დაწინაურდა, 75-ე წუთზე კი მექსიკური „სანტოს ლაგუნას“ ნახევარმცველმა ფელიქს ტორესმა გაქვითა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ეს შესარჩევი შეხვედრა მეკარეებისთვის განსაკუთრებით უცნაური გამოდგა: მე-15 წუთზე ეკვადორელთა კარის მცველმა ალექსანდრ დომინგესმა ბრაზილიელ თავდამსხმელ მატეუს კუნიას, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობს, კისერში ფეხი მისცხო და მოედნიდან გააძევეს.
ხუთ წუთში ბრაზილიელებიც ათნი დარჩნენ მოედანზე — „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მცველი ემერსონ როიალი მეორე ყვითელი ბარათით დასაჯეს. შემდეგ კი დაიწყო ალისონის უცნაური თავგადასავალი.
26-ე წუთზე ის კარიდან გამოვარდა რათა ენერ ვალენსიასთვის ხელი შეეშალა, კოლუმბიელმა მსაჯმა ვილმარ როლდანმა კი ჩათვალა, რომ მეკარემ ფეხი ძალიან მაღლა აიქნია და ალისონს წითელი ბარათი ამოუღო, თუმცა შემდეგ ეპიზოდი გადაამოწმეს და ალისონს ყვითელი აკმარეს.
მეორე გაუქმებული წითელი კი იყო მსაჯის მიერ წამატებულ წუთებში, როდესაც ალისონმა მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ბელგიური „გენკის“ მცველს ანხელო პრესიადოს თითქოს თავში უთაქა. არბიტრმა მეკარე ისევ გააგდო და პენალტიც დანიშნა, მაგრამ მონიტორზე გამოჩნდა, რომ ლივერპულელს ბურთზე უთამაშია…
ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილი უკვე დაბევებული აქვს. ის სამხრეთ ამერიკელთა ცხრილის ლიდერია, არგენტინას 4 ქულით უსწრებს. ბრაზილიამ შესარჩევ შეჯიბრებაში 14 შეხვედრიდან 11 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.
რაც შეეხება ეკვადორს, ის მესამეზეა და სავარაუდოდ, ყატარის საგზურს ცოტა მოგვიანებით მოიპოვებს.
https://www.youtube.com/watch?v=Ubl7Aju5oMY
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
