„რეალის“ ათმოგებიანი სვლა მოულოდნელად „კადისმა“ დაასრულა — 0:0. ლა ლიგის ლიდერმა შინ ვერაფერი მოუხერხა გუნდს, რომელიც ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.
შეხვედრის მსვლელობისას მადრიდელებმა 36-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, აქედან ცხრაჯერ კარის ჩარჩოში დაუმიზნეს, მაგრამ 28 წლის არგენტინელი მეკარის ხერემიას ლედესმას დამარცხება ვერ შეძლეს.
„კადისმა“ კი „რეალის“ კარში ერთხელაც ვერ დაარტყა სწორად. სამაგიეროდ, სტუმრები ჩინებულად იცავდნენ თავს და ესპანეთის დედაქალაქიდან არა მარტო საჭირო, არამედ სატრაბახო ქულაც წაიყოლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ორი ქულა დაკარგეს, მადრიდელები მაინც პირველ ადგილზე არიან. მათი უპირატესობა რვიდან 6 ქულამდე შემცირდა, რაც „სევილიას“ მიერ „ატლეტიკოს“ 2:1 ძლევამ განაპირობა.
ახლა „სევილიას“ ერთი თამაში მარაგში აქვს და თუ სამშაბათს „სანჩეს პისხუანზე“ „ბარსელონას“ მოუგებს, „რეალთან“ სხვობას 3 ქულამდე შეამცირებს.
„ლოს ბლანკოსის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ თქვა: „ჩვენ არ გავჩერებულვართ, მაგრამ ბოლო 30 მეტრში კარგად ვერ ვთამაშობდით. გამარჯვებას მაინც ვიმსახურებდით, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ არ იმსახურებ და მაინც იგებ, ასე რომ საწუწუნო არაფერია.
მეტოქემ საჯარიმოში არ შეგვიშვა, გარედან კი ვერ ვიძალეთ.
რაც შეეხება ედენ აზარს, მას თავიდან თამაშში შერწყმა გაუჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთესი იყო. ვფიქრობ, ნაახალწლევს ის დიდი ძალა იქნება“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
