საული „ატლეტიკოში” ბედნიერი იყო

„დიარიო სპორტი“ წერს, რომ „ჩელსის“ ნახევარმცველი საულ ნიგუესი სათადარიგო სკამზე მჯდომ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირფასია — ფეხბურთელთა ბაზარზე მისი ფასი 40 მილიონი ევროა. ის ლონდონელებმა „ატლეტიკოს“ იჯარით გამოართვეს და… ფაქტობრივად არ ათამაშებენ.

სკამზე ჩამომჯდარ ფეხბურთელთა სიაში საულს მოსდევენ ბრაიან ხილი (30 მილიონი), დონი ვან დე ბეეკი (25 მილიონი), ლუკა იოვიჩი (20 მილიონი), რეინერ ჟესუსი (16 მილიონი) და სხვები.

თომას ტუხელის ხელმძღვანელობით, საულმა 8 შეხვედრაში სულ 438 წუთი ითამაშა და როგორც „სპორტი“ წერს, „ლურჯებს“ მასთან ნამდვილი კონტრაქტის გაფორმება აღარ უნდათ. როდესაც ესპანელს იჯარის ვადა გაუვა, ლონდონელები მას მადრიდში დააბრუნებენ. მეტიც, ისინი ეცდებიან საული „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ახლავე, საახალწლოდ დააბრუნონ.

ხსენებულმა ბრაიან ხილმა „ტოტენჰემის“ 12 შეხვედრაში 575 წუთი ითამაშა. ვან დე ბეეკმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ 5 შეხვედრაში — 154 წუთი.

ძვირად ღირებულ ჩამომჯდართა შორისაა „ბარსელონას“ ცენტრალური მცველი კლემენტ ლენგლეც. ფრანგი „ბარსამ“ „სევილიასგან“ 2018 წელს 35 მილიონ ევროდ იყიდა, ის კი, მიმდინარე სეზონში, 8 შეხვედრაში სულ 374 წუთით შეიყვანეს მოედანზე. კატალონიური გუნდის თავკაცები მასზე მეტად ჟერარ პიკეს, ერიკ გარსიას, რონალდ არაუხოსა და ოსკარ მინგუესას აფასებენ.