გთავაზობთ, „სევილიასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის მიმოხილვას ესპანურ გაზეთ AS-ზე დაყრდნობით:

ოცწუთიანმა შტურმმა და ვალენსიელთა უიღბლობამ „სევილიას“ სამ ქულასთან ერთად ოპტიმისტური განწყობა მოუტანა. ამ გამარჯვებამ გუნდი შეიძლება გამოიყვანოს ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, რომელშიც ზედიზედ სამი ფრის (ორი ლა ლიგაში, ერთიც ჩემპიონთა ლიგაში) გამო აღმოჩნდა. გუშინდელმა 3:1-მა სევილიელები მესამე ადგილზე აიყვანა. თან, ხულენ ლოპეტეგის გუნდს „რეალსა“ და „ატლეტიკოზე“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ვალენსიამ“ კი ზედიზედ მეორედ წააგო. ამ ორ შეხვედრაში მისი მეტოქეები („რეალი“ და „სევილია“) კლასით მასზე აშკარად მაღლა იდგნენ. ახლა, „ღამურებს“ ენერგიისა და ალბათ, თავდაპირველი ეიფორიის დაძლევა მოუწევთ, რათა დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელზეც ხოსე ბორდალასმა დააყენა.

ამ შეხვედრაში ყველაფერი მნიშვნელოვანი პირველ გიჟურ ნახევარ საათში მოხდა, თუმცა ასეთი რამ ისეთ სოლიდურ გუნდებს, როგორებიც ლოპეტეგის „სევილია“ და წლევანდელი „ვალენსია“ თითქოსდა არიან, არ ეკადრებოდა.

ანგარიში პაპუ გომესმა ჯერ კიდევ ოფლის გამოდენამდე, მე-3 წუთზე გახსნა. გოლი პირწმინდად არგენტინული გამოვიდა: ბურთი გონსალო მონტელმა ჩაიგდო, გადააწოდა ერიკ ლამელას, რომელმაც გომესს გაუწია ასისტენტობა. გომესმა გოლი შეაგდო.

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლამელამ ბოლომდე განაგრძო „სევილიას“ შეტევებში აქტიური მონაწილეობა. „რივერ პლეიტის“ ოდინდელმა ცენტრალულმა მცველმა და ლატერალმა ანუ ფეხბურთელმა, რომელსაც მთელი ფლანგი აბარია, გონსალო მონტელმა კი მე-15 წუთზე თავისი მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა, ბურთი ტონი ლატოს მოხვდა და ძალიან ცუდად გამოსული გიორგი მამარდაშვილის კარში ჩაეშვა.

ამ უაზრო გოლისა და მესამე ეპიზოდში „არავის ტერიტორიაზე“ დგომის გამო, ქართველი მეკარის კონკურენციის თემა „ვალენსიაში“ აშკარად წამოიჭრება, თუმცა მესამე გოლში გარკვეული წვლილი ომარ ალდერეტემაც შეიტანა. მას მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ეშლებოდა, 22-ე წუთზე კი გოლის ავტორი რაფა მირი გამოეპარა და საბოლოოდ, შესვენებისას შეცვალეს.

მაგრამ, „ვალენსია“ არ დანებდა. ის ამ სეზონში, ბორდალასის ხელში ბოლომდე იბრძვის. გამოირჩეოდა გონსალო გუედეში, თუმცა მას იმ 70 წუთის განმავლობაში, მოედანზე რომ დაჰყო, ბევრი წინააღმდეგობა დახვდა მეტოქეთა მხრიდან. სწორედ გუედეშის მიერ მოპოვებულ ჯარიმას მოჰყვა გოლი, რომელიც მართალია რიკოშეტით გავიდა, მაგრამ უგო დუროს ჩაუთვალეს. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში „რეალთანაც“ უგო დურომ გაიტანა.

ამის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ „ვალენსია“ შეუტევდა მწვავედ ან „სევილია“ გამოიჭერდა სტუმრებს კონტრშეტევაზე. იყო კიდეც მომენტები, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

„ღამურების” ოფიციალურ საიტზე კი მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენციაა გამოქვეყნებული. მატჩის შემდეგ, ხოსე ბორდალასს ჰკითხეს:

— იმ გოლების შემდეგ, რომლებიც „რეალმა” და „სევილიამ” გაგიტანათ, თუ ხვდებით, რომ თქვენზე მეკარის შეცვლის მოთხოვნით შეიძლება დიდი ზეწოლა წამოვიდეს?

— ახლა მომხდარის გააზრების დროა, ხვალიდან კი შემდეგ მატჩზე დავიწყებთ ფიქრს, რომელიც საკმაოდ მალეა. „ბილბაო” დიდებული გუნდია და მასთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვიწევს. ხვალ ჩვენ ძალებს აღვიდგენთ და გამოვასწორებთ იმ სათამაშო ასპექტებს, რომლებიც არ უნდა გამეორდეს, რადგან დღეს ისინი წაგებად დაგვიჯდა, — უპასუხა ბორდალასმა.

შემდეგ ტურში, 25 სექტემბერს, „ვალენსია” „ბილბაოს” მასპინძლობს.