ედინსონ კავანი არ მიიღებს მონაწილეობას ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში, რომლებსაც ურუგვაელები პერუს, ბოლივიის და ეკვადორის წინააღმდეგ გამართავენ.

კავანი ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში იყო შეყვანილი, მაგრამ ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციის საიტზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: “იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მიმართებაში შეიქმნა, ურუგვაის საფეხბურთო ასოციაცია აუქმებს ედინსონ კავანის გამოძახებას ეროვნულ ნაკრებში”.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის კლუბებმა უარი თქვეს ფეხბურთელთა გაშვებაზე იმ ქვეყნების ნაკრებებში, რომლებიც ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ანტიპანდემიურ “წითელ სიაში” არიან შეტანილნი. რეგულაციების თანახმად, ასეთი ქვეყნებიდან დაბრუნებულმა მენაკრებეებმა 10 დღე უნდა დაჰყონ კარანტინში, რაც ფორმიდან ამოვარდნას და რამდენიმე ტურის გაცდენას ნიშნავს.

სწორედ ამგვარ გაურკვევლობას ააცილეს ურუგვაელებმა კავანი, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა არ სურს.

ჯამში პრემიერლიგაში თამაშობენ “წითელ სიაში” შეყვანილი 26 ქვეყნის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები. მათი ერთდროულად კარანტინში მოხვედრა სერიოზულად დაარტყამდა კლუბების გეგმებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის სამხრეთამერიკული შესარჩევი ციკლის გამო ესპანურმა ლა ლიგამ კალენდარში იძულებითი ცვლილებები შეიტანა.