„ბრაგას“ 21 წლის თავდამსხმელი აბელ რუისი ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა. პორტუგალიური „ა ბოლა“ წერს, რომ ეს „ლა როხას“ შემადგენლობაში ყველაზე დიდი სიურპრიზია.
ესპანელებს შემდეგი სამი მატჩი უწევთ შვედეთის ნაკრებთან სტოკჰოლმში, საქართველოს ნაკრებთან ბადახოსში და კოსოვოსთან პრიშტინაში.
ესპანეთი საქართველოს 5 სექტემბერს მასპინძლობს. სამივე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია.
აბელ რუისს დიდ ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა ეს ერთი თამაშიც ფრიად პირობითია: covid 19-ით დაავადებულმა ესპანელებმა სტუმრად ჩასულ ლიტვას ამხანაგური მატჩში 21 წლამდელები დაახვედრეს და ეს ჩაითვალა.
მაშინ, პორტუგალიასთან შეხვედრის შემდეგ, სერხიო ბუსკეტსს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამის გამო ლიტვასთან ნამდვილი „ლა როხა“ საერთოდ არ გავიდა მოედანზე.
აღარავის უკვირს, რომ ლუის ენრიკეს გამოძახებულთა შორის კვლავ არ არიან „რეალის“ ფეხბურთელები. აგრეთვე არ არის 18 წლის ბარსელონელი პედრი, რომელიც კლუბსა თუ ნაკრებში (ევრო 2020-ზე და ოლიმპიადაზე) მთელი წელიწადი დაუნდობლად ათამაშეს, რის გამოც გადაღლილია და ისვენებს.
გთავაზობთ ლუის ენრიკეს მიერ გამოძახევულთა სიას:
მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), უნაი სიმონი (ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი);
მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რაულ ალბიოლი (ვილიარეალი), ერიკ გარსია (ბარსელონა), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ჯორდი ალბა (ბარსელონა), აიმერიკ ლაპორტე (მანჩესტერ სიტი), ინიგო მარტინესი (ბილბაო);
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), კოკე (ატლეტიკო), კარლოს სოლერი (ვალენსია), როდრი (მანჩესტერ სიტი), ბრაის მენდესი (სელტა), მიკელ მერინო (რეალ სოსიედადი);
თავდამსხმელები: ალვარო მორატა (იუვენტუსი), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), აბელ რუისი (ბრაგა), ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი), პაბლო სარაბია (პარი სენ ჟერმენი).