კანკავა და კაშია ვაისმა წაიყვანა

Home კატეგორიის გარეშე კანკავა და კაშია ვაისმა წაიყვანა
კანკავა და კაშია ვაისმა წაიყვანა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი კარიერას ყოფილი მწვრთნელის სლოვაკურ „ სლოვანში“ გააგრძელებენ. დიახ, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ვლადიმირ ვაისის გუნდში გადავიდნენ.

ჩვენებმა 1+1 სისტემით კონტრაქტი უკვე გააფორმეს და ხვალიდან ახალ გუნდს შეუერთდებიან. მალე „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიური „შემროკის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

„სტადიონი ლამაზია და საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც მიმუშავაია და შესანიშნავი ადამიანია. ახლა მინდა, კონცენტრაცია კარგ მომზადებაზე გავაკეთო და შემდეგ ვეცდები ამ კლუბისთვის და ფანებისთვის ბოლომდე დავიხარჯო“, – თქვა გურამ კაშიამ ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

„მოუთმენლად ველი ახალ გუნდში თამაშს. ვეცდები ჩემი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო მოედანზე. ვიცნობ ვაისს და ვიზიარებ მის ხედვას, მინდა დავეხმარო მას, ისევე როგორც მანამდე ის დამეხმარა. ასევე მინდა, „სლოვანის“ ახალგაზრდა ბიჭებს ევროპულ მატჩებში ჩემი გამოცდილება გავუზიარო“, – ეს უკვე ჯაბა კანკავას სიტყვებია.

„მე სრულად ვენდობი ამ მოთამაშეებს. ორივეს საქართველოს ნაკრებში თითქმის 100-100 მატჩი აქვს ჩატარებული, ისინი გამოცდილები არიან, ამიტომაც, დავიმატეთ“, – მოკლედ და კონკრეტულად აღნიშნა კმაყოფილმა ვაისმა.

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.