„გაიცა ბრძანება დამატებითი ძალების მოზიდვის შესახებ. წინა ხაზზე სპეცდანიშნულების ახალი რაზმი გამოვიდა. „ვაჩვენოთ ძალა!” — დაიყვირა მეთაურმა. „იშიშვლეთ ხელჯოხები!”

ასე იწყება „დეილი მეილის” წერილი მანჩესტერში, „ოლდ ტრეფორდზე”, წუხელ დატრიალებული ამბების შესახებ. ვითარება რამდენიმე ასეულმა ფანმა, უფრო სწორედ, როგორც გაზეთი წერს ხულიგანმა დაძაბა. შეგახსენებთ, რომ ეს  „ოცნებათა თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი სახალხო მღელვარება არ იყო. ინგლისი ასეთივე სურათის მოწმე 11 დღის წინაც გახდა. მაშინ, ეგრეთწოდებული მობსტერების ჯგუფმა მოედანზეც შეაღწია და პრესის ლოჟას მაშხალები ესროლა. გუშინ, ლეგენდარული სარბიელი კვლავ ბარიერებით და სპეცრაზმებით იყო დაცული.

სტადიონის თავზე პოლიციის ვერტმფრენი ტრიალებდა.

„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” შეხვედრა, რომელიც პირველი მცდელობისას გადაიდო, ახლა ჩატარდა. სტუმრებმა 4:2 მოიგეს, მაგრამ გარშემო შექმნილი ვითარების გამო ეს მაინც არ იყო ჩვეულებრივი მატჩი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები სტადიონზე შვიდი საათით ადრე თავიანთი მანქანებით მივიდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ უფრო გვიან ხალხი შესვლაში ხელს შეუშლიდა.

რაც შეეხება „ლივერპულს”, სტუმართა გუნდი თავის სასტუმროში ბრბოსთან დამალობანას თამაშით იყო გართული. იურგენ კლოპი და მისი გუნდი მანჩესტერის „ჰაიატ ოტელთან” სადილობისას მივიდნენ. ადგილობრივი ფანები წინა შეხვედრის დროს „ლორი ოტელთან” „იუნაიტედის” ფეხბურთელებს აწიოკებდნენ, ახლა კი სტუმრებზე გადაერთნენ.

მოგვიანებით, სტადიონთან ჰაერი წითელმა, მწვანე და ოქროსფერმა კვალმლა დაბინდა. ისმოდა ბოლოხანს პოპულარული სიმღერა: „ჯოელ გლეიზერი უნდა მოკვდეს… გაჭერით ის თავიდან ფეხის თითებამდე”.

მანჩესტერში, „იუნაიტედის” ფანებს კლუბის ამერიკელი მეპატრონეების, გლეიზერების წინაარმდეგ ხულიგნობაში გარდამავალი მძაფრი საპროტესტო ტალღა აქვთ აგორებული.