ოთხშაბათს, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად მოირგო „ბარსელონას” პრეზიდენტის სავარძელი. როგორც კატალონიური პრესა წერს, ახლა მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის კლუბში დატოვებაა.
ლაპორტას ინაუგურაციის ცერემონიალს „კამპ ნოუზე” 300 სტუმარი დაესწრო. ლაპორტამ მათ ნახევარსაათიანი სიტყვით მიმართა:
„მე აქ იმიტომ ვარ, რომ კლუბს ვუხელმძღვანელო, გადაწყვეტილებები მივიღო. პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და თავის მართლება ჩემი საქმე არ არის. ვაპირებ გავუმკლავდე რთულ სიტუაციებს და ერთ-ერთი მათგანის მოგვარებას ახლავე შევუდგები: შევეცდები ლეო დავარწმუნო, რომ ის „ბარსელონაში” უნდა დარჩეს.
ბოდიში, ლეო, მაგრამ შენ იცი, რომ მე შენს დასატოვებლად ყველა ღონეს ვიხმარ. მაპატიე, მაგრამ მე შენ მიყვარხარ. შენ „ბარსას” უყვარხარ. და დღეს, „კამპ ნოუ” სავსე რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, წასვლას გულში არც გაივლებდი. ასე რომ, ესეც წყეული პანდემიის კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა.
საბოლოოდ, რაც არ უნდა გადაწყვიტოს ლეომ, ჩვენ მას პატივს ვცემთ, მაგრამ რასაკვირველია, მის დასატოვებლად ყველა ღონეს ვიხმართ”.