თელ ავივში მიმდინარე გრანდ სლემის პირველი დღე საქართველოს დელაგაციისთვის მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა. ჩვენებმა ორი მედალი მოიპოვეს – ვერცხლი და ბრინჯაო. რაც ყველაზე სასიამოვნოა, მედალი აიღეს ქალთა შორის.
ვაჟთა შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა თემურ ნოზაძეს. ჩვენებურმა ჯერ ბრაზლიელი ფელიპე პელიმი დაამარცხა, შემდეგ თურქი მიჰრაკ აკუსი, ნახევარფინალში გასასვლელად ბრიტანელი ეშლი მაკენზი, ხოლო ფინალის გზაზე უკრაინელ არტიომ ლესიუკი. ფინალში ჩვენებური აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოის დაეჭიდა. ჯერ აზერბაიჯანელმა აიღო ვაზარი, შემდეგ – ჩვენებურმა, მაგრამ მერე ნოზაძე თავისივე წამოწყებულ ილეთზე მოჰყვა და ვერცხლს დასჯერდა.
ქალებში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა რუს დიანა ძიგაროს მოუგო, მერე პოლონელ ანა კუჩერას, მერე ევროპის ჩემპიონ უნგრელ ჰედვიგ კარაკასს დაეჭიდა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ ტიმნა ლევი ნელსონთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ქართველი ასევე პოლონელ იულია კოვალჩიკს შეხვდა და დამატებით დროში აჯობა.
დღესვე ვაჟთა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი ბაზანდარაშვილმა ჯერ უნგრელ დანიელ სეგედის მოუგო, შემდეგ რუს მურად ჩოპანოვთან დამარცხდა, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილმა პირველი შეხვედრა წააგო უზბეკ მუჰრადინ ტილიმოვთან.
ქალთა 52 კილოგრამ წონაში მარიამ ჯანაშვილი რუს ალესია კუზნეცოვასთან, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვარნი ისრაელის წარმომადგენე ჟილი კოენთან პირველივე წრეში დამარცხდნენ.