„ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი VAR-ზე გაბრაზდა — გოლი, რომლითაც „ლესტერმა” ანგარიში გაათანაბრა, არ უნდა ჩათვლილიყოო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ლესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში მო სალაჰმა შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა მალევე იყოჩაღეს და 78-დან 85-ემდე შვიდწუთიან მონაკვეთში სამი გოლი შეაგდეს. „მელიებს” ამ პერიოდში კიდევ ჰქონდათ საგოლე მომენტი.

მაგრამ, დავუბრუნდეთ თამაშგარე მდგომარეობას.

78-ე წუთისთვის მერსისაიდელთა საჯარომოსთან მთელი დრამა გათამაშდა, რომლის ნახვაც ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ. ტიაგო ალკანტარამ ჰარვი ბარნსი წააქცია. მსაჯს თავიდან ეგონა, რომ პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ VAR-ის ოთახიდან შეატყობინეს, რომ ალკანტარამ წესი ხაზს გარეთ დაარღვია და ჯარიმა უნდა დანიშნულიყო.

„ლივერპულს” მოეშვა, მაგრამ სტუმრების კმაყოფილება ხანგრძლივი არ გამოდგა, რადგან ჯეიმს მედისონმა ჯარიმიდან ბურთი კარში შეაგდო.

მსაჯი გოლს არ თვლიდა, რადგან „ლესტერის” 18 ნომერი დანიელ ამარტი თამაშს გარეთ მიიჩნია, მაგრამ შემდეგ გადათქვა, ჩათვალა რა, რომ განელი წესების ფარგლებში მოქმედებდა.

კლოპი: „ძალიან უცნაური გოლი გავუშვით. ბევრჯერ მითქვამს, რომ VAR-ი სრულიად ობიექტური უნდა იყოს, მაგრამ არ არის. გადასახედია, როგორ წყვეტენ ამა თუ იმ ეპიზოდში იყო თუ არა ოფსაიდი და რომელი წამი უნდა ჩაითვალოს მომენტად, როდესაც ფეხბურთელების პოზიციები მოწმდება.

ეპიზოდი უკვე ბევრჯერ ვნახე და გეტყვით, რომ იმ მომენტში, როდესაც VAR-ის აზრით ოფსაიდი არ იყო, მედისონს ბურთისთვის ფეხი ჯერ მიკარებული არ ჰქონდა”.