საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ლივერპული“ და „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალურ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ.
როგორც იცით, გერმანიას კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამის გამო ამ ქვეყნებთან სპეციალური რეგულაციები აქვს. შედეგად, „ლივერპული“ გერმანიაში სათამაშოდ ვერ ჩავიდოდა, ამიტომ პირველი მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
თუმცა, ახლა გერმანიის მთავრობამ „ლაიფციგს“ ისიც გამოუცხადა, თუ სათამაშოდ ინგლისში ჩახვალთ, უკან დაბრუნებულები 10-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლითო. ეს ნიშნავს, რომ 10 მარტს ლივერპულში სათამაშოდ ჩასული „ხარები“, ბუნდესლიგაში ორ ტექნიკურ მარცხს ვერ აცდებიან: 14 მარტს „ლაიფციგი“ „აინტრახტს“ ეთამაშება, ხოლო 19 მარტს – „არმინიას“.
გერმანულმა კლუბმა ეს ყველაფერი უეფას აცნობა და ახლა მისგან პასუხს ელოდება. დიდი ალბათობით, უეფა მათ თხოვნას დააკმაყოფილებს და ორივე მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.