დაახლოებით ორი თვეა ლადო ახალაიამ მილანის „ინტერთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მართალია, ჯერ „ინტერის“ სამატჩო განაცხადში ვერ ხვდება, მაგრამ დიდ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ინტერელთა 18 წლის თავდამსხმელი ქართველი ფეხბურთელის, ლადო ახალაიას შვილი და მოლდოვის და კიშინიოვის ზიმბრუს ყოფილი ნახევარმცველის ალექსანდრუ სპირიდონის შვილიშვილია. იქნებ გახსოვთ, 2000-2002 წლებში უფროსი ახალაია სწორედ კიშინიოვის „ზიმბრუში“ თამაშობდა, სადაც ცოლად მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, სპირიდონის ქალიშვილი მოიყვანა. თავად სპირიდონი, სანამ მწვრთნელი გახდებოდა, ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო და იმ ავადსახსენებელ მატჩი, რომელიც ჩვენებმა 1994 წელს მოლდოვასთან (0:1) წააგეს, თბილისში ითამაშა. შეგახსენებთ, ეს საქართველოს ნაკრების პირველი ოფციალური შეხვედრა იყო უეფას ეგიდით.

კიშინიოვში დაიბადა უმცროსი ახალაიაც, რომელიც 7 წლამდე თბილისში ცხოვრობდა. შემდეგ კი, დედასთან ერთად მოლდოვაში დაბრუნდა, სადაც დაიწყო კიდეც ფეხბურთის თამაში. უთამაშია იქაურ 17 და 19-წლამდელთა გუნდებში. მოლდოვური მედია წერს, რომ ფეხბურთელი მათი საკუთრებაა, მაგრამ მამა ახალაია ამბობს, რომ შვილს რუმინეთის ნაკრებშიც იწვევენ. არადა, მამა ახალაიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი აქვს ნათამაშები და ისიც… რუმინეთთან. მომავალში, შესაძლოა, შვილმა ახალაიამ რუმინეთის ნაკრების მაისურით ითამაშოს… საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, აქ ყურადღება სხვა რამეს გვინდა მივაქციოთ – ქართველ-მოლდაველს რუმინეთი ეპატიჟება, ჩვენ ამ დროს ჩვენ „მამლუქებს“ ყურადღებას ვერ ვაქცევთ…